მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ENKA-ს გადაწყვეტილებით მიღებული ზიანი ქვეყანას დიდხანს გაჰყვება“ - ზურაბ ლალაზაშვილი

614c5897343bd
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 15:00
2030
„ENKA-ს გადაწყვეტილებით მიღებული ზიანი ქვეყანას დიდხანს გაჰყვება“ - ასე აფასებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი „ნამახვანჰესის“ ინვესტორის მიერ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებას, რა ინფორმაციაც გუშინ გასაჯაროვდა.

გადაცემა „საქმის კურსთან“ საუბრისას ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი კომპანიის პროექტში დარჩენის შანსები მცირეა.

„ორი აზრი არ არსებობს, რომ თუნდაც ინფორმაციის გაჟღერებით სახელმწიფომ რეპუტაციული ზიანი მიიღო. არ ვიცით როგორ დასრულდება ეს დავა - იქნება ეს არბიტრაჟში თუ შეთანხმებით. ალბათ ENKA-ს მონაწილეობით ამ პროექტის გაგრძელების ძალიან მცირე შანსია. ნებისმიერ შემთხვევაში რეპუტაციული ზიანი ნამდვილად მივიღეთ და ეს ვფიქრობ, დიდხანს გაგვყვება ჩვენ, რადგან ეს მცირე საკითხი არ არის, რომელიც ვიწრო დონეზე კეთდება“, - განმარტა ლალაზაშვილმა.

BDO-ს მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ მასშტაბური ინვესტირების საშუალება ქვეყნის ეკონომიკაში მხოლოდ ენერგეტიკის დარგს აქვს, რაც თავის მხრივ ადგილობრივი წარმოების განვითარებას უზრუნველყოფს.

„საქართველოში ენერგეტიკა ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი დარგია. ანუ თუ ჩვენ გვინდა მსხვილი პროექტების განხორციელება, ენერგეტიკა პირველია, სადაც შეიძლება ვინმე დავაინტერესოთ, რადგან სხვა მასშტაბური პროექტები, რაშიც ინვესტორმა 800 მლნ დოლარის ან 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია დააბანდოს, საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სწორი იქნებოდა, რომ ენერგეტიკა მამოძრავებელი იყოს. უნდა ავითვისოთ ქვეყანაში ენერგეტიკაში არსებული პოტენციალი, რომელიც ეკონომიკის გაზრდის საშუალებას მოგვცემს, გარკვეული ცოდნა და გამოცდილება დაგროვდეს და გვქონდეს საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ ქვეყანაში რაიმე ტიპის წარმოება გავაკეთო, რომელსაც ენერგიაზე ხელმისაწვდომობა ესაჭიროება“, - თვლის BDO-ს მმართველი პარტნიორი და დასძენს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების თავიდან დაწყება და ახალი ინვესტორების მოძიება მარტივი არ არის.

„ეს არ არის პროექტი და შედეგი, რომელიც მოკლე ვადაში შეგვიძლია გადავლახოთ - სამი თვის შემდეგ ვინმე მოვძებნოთ და ჩავანაცვლოთ. უშუალოდ „ნამახვანჰესის“ პროექტი საკმაოდ დიდი ხნით გაჩერდება, ისევე როგორც სხვა მსგავსი პროექტები -  ხუდონი, ანაკლია... ვინმეს მოტრიალება ამ პროექტზე საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია უახლოესი 5 წლის განმავლობაში მაინც“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

მისი განმარტებით, საინვესტიციო პროექტები მიმზიდველია დროის კონკრეტულ პერიოდში, ხოლო მათი შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში ისინი მომგებიანობას და ხიბლს კარგავენ.

„სიმართლე გითხრათ მიკვირდა, ამდენი ხანი რატომ ჰქონდა ENKA-ს ამ პროექტის გაგრძელების სურვილი და ენთუზიაზმი.

ინვესტიცია ასეა, როდესაც ფული გაჩნდება და მასზე ხელმისაწვდომობა არის, პროექტში უნდა დაბანდდეს. თუ დროულად არ მოხდა ამ თანხის ათვისება, ეს ზრდის ამ პროექტის ღირებულებას და მისი მომგებიანობა და მომხიბვლელობა იკარგება. ვფიქრობ, რომ დასაწყისიდან, როდესაც ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, მთავრობასთან თუ მოსახლეობასთან კარგი მუშაობის შემთხვევაში ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, რადგან ინვესტორი ამდენი ხანი იმის ცდაში იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო“, - აღნიშნა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.