მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-სთან კონტრაქტის მოშლაზე ირაკლი ღარიბაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

615180b86e1bf
ინგა მურუსიძე
27.09.21 12:26
2108
ENKA-ს აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელი ადგილზე იყო, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ENKA-ს გადაწყვეტილებას, საქართველოსთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით.

BM.GE-მ დღეს ირაკლი ღარიბაშვილს კითხა, თუ რა ნაბიჯები გადადგა პრემიერ-მინისტრმა ENKA-თან კონტრაქტის მოშლის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ და ფიქრობს თუ არა, რომ სიტყვები - “ენკას-თან 100-წლიანი კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა… პროექტი ასე ვერ გაგრძელდება” - პრემიერისთვის შეუფერებელი იყო.

„ძალიან კომპეტენტურ კითხვას სვამთ“, - მიმართა პრემიერმა BM.GE-ს ჟურნალისტს და იქვე დასძინა, რომ ეს კონტრაქტი „მემკვიდრეობით დახვდა, ისე როგორც ბევრი რამ დახვდა მემკვიდრეობით და ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რაზეც ღია საუბარი ჰქონდა ინვესტორთან“.

„ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ეხება, მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელი ადგილზე იყო. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და შემდგომ ბედს მომდევნო ერთ თვეში გავარკვევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ამ საკითხზე პრეზიდენტ ერდოღანთან, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ეს წმინდად ინვესტორის და სახელმწიფოს ურთიერთობაა.

BM.GE-ს კითხვაზე, რა გზავნილია ეს სხვა ინვესტორებისთვის, ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევქუმნით კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. მომდევნო წლებში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდები“.

რაც შეეხება ფინანსურ სანქციას, თუ რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი კომპანია კონტრაქტის მოშლის შემდეგ არბიტრაჟში წავა და საერთაშორისო დავას მოუგებს სახელმწიფოს, პრემიერი განმარტავს, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

„თუ კომპანია დატოვებს აქაურობას, მაშინ დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია შეისწავლის მის მიერ დახარჯული თანხის მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს... უამრავი ვერსიაა“, - აღნიშნა პრემიერმა.



ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს