მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივინო - ქილაში ჩამოსხმული ღვინის ამბავი

627cadeb2cd21
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.22 11:00
1005
ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, თუმცა რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ქილის ღვინის შემოსვლამ აუდიტორიის დიდი ნაწილი გააოცა. ქილის ღვინოს „მივინო“ ეწოდება და მისი შექმნის იდეა გიორგი მაჭავარიანსა და საბა სახვაძეს ერთდროულად დაებადათ.

საიდან გაჩნდა ეს იდეა და როგორ განვითარდა „მივინოს“ საქმიანობა დროთა განმავლობაში? ამ თემებზე გიორგი მაჭავარიანი გვესაუბრა:

იდეა

„მივინოს“ შექმნის იდეა მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე გაჩნდა, სადაც გასახსნელის არქონის გამო რამდენიმე ჩანგლის გატეხვის შემდეგ მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო მოუხერხებელ შეფუთვაში. დავიწყეთ ფიქრი ალტერნატიულ შეფუთვაზე, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელი, პორტატული და რაც ყველაზე მთავარია, ღვინოსთან თავსებადი იქნებოდა, რათა ღვინის სტრუქტურა და ხარისხი ხანგრძლივი ვადით შეენარჩუნებინა. ბევრი ალტერნატივის განხილვის შემდეგ, არჩევანი 330 მლ-იან ქილებზე შევაჩერეთ.

გამოცდილება „მივინომდე“

როდესაც იდეა დაგვებადა, ღვინის ინდუსტრიაში რაიმე სიღრმისეული გამოცდილება არ გვქონდა, გარდა გარკვეული მენეჯერული ცოდნა გამოცდილებისა. ამ პერიოდში თსუ-ს III კურსის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით და ერთმანეთსაც აქედან ვიცნობდით. საქმიანობის დაწყებასთან ერთად, დავიწყეთ მეღვინეობის სიღრმისეული შესწავლა სხვადასხვა სასწავლებელში. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე ვიყავით ჩართული მრავალ გარე აქტივობაში, შესაბამისად, თავიდანვე ვხედავდით და ვგრძნობდით ღვინის ტრადიციულ შეფუთვებთან მიმართებით მომხმარებლის პრობლემებსა და საჭიროებებს.

მივინო

„მივინო“ თავის მომხმარებელს სთავაზობს სირთულისგან, ჩარჩოებისგან თავისუფალ, ურთიერთობებისთვის შექმნილ ღვინოს ახალგაზრდულ შეფუთვებში. თავიდან ვაპირებთ, ვაწარმოოთ მხოლოდ ორი სახის: თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, ხოლო შემდგომ დავამატოთ შუშხუნა, ნახევრად-ტკბილი, ასევე ხილის ღვინოები და ყველასათვის საყვარელი კოქტეილები.

პირველი ნაბიჯები

მას შემდეგ, რაც იდეა გაგვიჩნდა, მისი განხორციელების უამრავი აზრი და ალტერნატივა წარმოიშვა. შევჯერდით პროდუქტზე, შევქმენით ბიზნეს მოდელი, განვსაზღვრეთ პროდუქტის სატესტო წარმოებისთვის საჭირო ბიუჯეტი, დავამყარეთ კომუნიკაცია მატერიალების მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან, შევიმუშავეთ მარკეტინგული გეგმა და მალევე დავიწყეთ ფინანსების მოძიება. პირველი ფინანსური სახსრები მოვიზიდეთ Yes Georgia-ს ფარგლებში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისა“ და USAID-ის მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში უკვე „მივინო“ გამოჩნდა ბარებსა და ქსელურ მარკეტებში. ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვეტესტა ყველა შესაძლო მარკეტინგული არხი, მიგვეღო მათგან ძალიან მნიშვნელოვანი გაყიდვების სტატისტიკები, რაც მომავალში გაყიდვების პროგნოზირების საშუალებას მოგვცემდა, ასევე ფესტივალებიდან და სხვა გარე ღონისძიებებიდან მივიღეთ მომხმარებლის პირდაპირი უკუკავშირი, რითაც პროდუქტის განვითარებისთვის საფუძველი შევქმენით. 2020 წლის ზაფხულზე, პანდემიიდან გამომდინარე, სატესტო გაყიდვები დავასრულეთ. ამის შემდეგ კი, ჩვენივე რესურსებით ავაშენეთ „მივინოს“ საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა და დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაზე ზრუნვა დავიწყეთ.

გამოწვევები

კომპანიის განვითრების პარალელურად, მრავალი სახის პრობლემა შეგვხვდა. პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, არ არსებობდა ქილებში ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ცოდნა და პრაქტიკა. ამიტომაც, ყველაფრის სწავლა 0-დან მოგვიწია. ასევე, რთული იყო უშუალოდ ქილების მომწოდებლებისგან ნდობის მოპოვება, პარტნიორობის მიღწევა და მრავალი სხვა.

Shark Tank

იდეა, გავსულიყავი „შარქ თენქზე“, გადაცემის ხილვის შემდეგ გამიჩნდა, სადაც ვნახე, თუ რამდენად დიდ შესაძლებლობას იძლეოდა აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ინვესტორის საპოვნელად.

მოლოდინები მეტ-ნაკლებად დადებითი გვქონდა და გვჯეროდა, თუკი შევძლებდით საბაზრო პოტენციალის, ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობის, პროდუქტის, ბრენდის კონცეფციის და, რაც მთავარია, გუნდის სწორად წარმოჩენას, საინვესტიციო შემოთავაზებასაც მივიღებდით.

ახლა უკვე, აღებული ინვესტიციის დიდ ნაწილს საწარმოსთვის საჭირო ძირითადი საშუალებებით შევსებას მოვახმართ, დანარჩენი ნაწილი კი საბრუნავ მასალებსა და ნედლეულით მომარაგებაში დაიხარჯება.

გეგმები

წარმოების დაწყებიდან მალევე ვგეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებასთან ერთად, საექსპორტო ბაზრების ათვისებას; ასევე პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდას, მათ შორის, სიდრის, სანგრიასა და სხვა კოქტეილების დამატებას.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.
(R)