22.სექტემბერი .2021 14:03

ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირების მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება - ტიკარაძე

ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირების მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება - ტიკარაძე
views 1079
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ინფიცირების შემცირების ტემპის კლება აღარ აღინიშნება.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობენ რეკომენდაციებზე, თუმცა ჯერ შემუშავებული არ აქვთ.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე საყურადღებოა და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული უწყებათშორისი საბჭოს ფორმატში ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფიცირებულთა კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს.

ჯერჯერობით, არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში გარკვეული კონსულტაციები სხვა ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ პერიოდამდე“, - განაცხადა მინისტრმა.