მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმები მართლები არიან... პრობლემა უნდა დაფიქსირდეს...“ – ნინო მირზიკაშვილი DRG მოდელზე

63ce8e57cce62
ელენე გოგბერაშვილი
23.01.23 19:34
2782
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ჰოსპიტალური სექტორისთვის დაფინანსების DRG მოდელზე გადასვლამ რიგი მიმართულებით პრობლემები შექმნა. ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო კლინიკებს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უხდის, ექიმების თქმით, რიგ შემთხვევაში ხარჯებსაც ვერ ფარავს. როგორც ირკვევა, ტარიფები განსაკუთრებით ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობს.

„DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე.... ოპერაციებს აღარ და ვეღარ გავაკეთებ“,- საუნივერსიტეტო კლინიკის ორთოპედია-ტრამვატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ჩიკვატია.

„ერთ-ერთი ოპერაციული ჩარევა, რომელსაც ბავშვთა ორთოპედიაში ვაწარმოებთ, ეს არის ბარძაყის საკორექციო ძვალკვეთები, რომლის საფიქსაციოდ გამოიყენება იმპლანტები, ფირფიტები. რომლის ღირებულება ევროპაში 700-800 ევროა. ქართულ რეალობაში ოპერაციული ღირებულება სულ 3200 ლარია. თუ კი იმ ხარისხის იმპლანტს გამოვიყენებთ, რაც მსოფლიოშია აპრობირებული, ეს დაახლოებით 1800-1900 ლარია, ოპერაციის ღირებულების პრაქტიკულად 70-80%-ს მხოლოდ იმპლანტის თანხაა. ეს ძალიან ცუდია. ის, რასაც ვიყენებთ, იძულებული ვართ გამოვიყენოთ. ესაა ჩინური, ინდური იმპლანტი, რომლის ხარისხი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდია, მაგრამ დაბალი ხარისხისაა. არის უფრო იაფიანიც, რომლის გამოყენების კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვერ ვიყენებთ, რადგან მისი გამოყენება არის ძალიან საშიში. ვინაიდან ის არ არის, მხოლოდ ფიქსაცია გავაკეთოთ. ეს არის სამომავლოდ გარკვეული გართულებების მომტანი.

-ახლა გაქვთ ოპერაციები დაგეგმილი და ამ მიზეზით ვერ აკეთებთ?

- დიახ! ვერ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ვიცით, რომ ის ღირებულება რომელსაც სახელმწიფო დაადებს, იმპლანტებსაც ვერ გადაფარავს“,-აცხადებს ბავშვთა ორთოპედ-ტრამვატოლოგი მიხეილ ჯანჯღავა.

"ნოემბრამდე მაქსიმალურად ყველა ცდილობდა, გამოეყენებინა ხარისხიანი საშუალებები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი აღიარება აქვს. ახლა პროტეზირებაზე არის გამოყოფილი 4 500 ლარი, როცა ხარისხიანი პროტეზის ღირებულება 5000-7000 ლარია. ფიზიკურად, ხარისხიანი იმპლანტის გაკეთება უკვე შეუძლებელია. ბევრნაირი პროდუქტია შემოსული, თუმცა უმრავლესობა გაურკვეველი წარმომავლობისაა, ყველას საბუთები წესრიგში აქვს, მაგრამ ხარისხი არის ნულს ქვევით“,-აცხადებს ექიმი ტრამვატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი.


ჯანდაცვის სპეციალისტ ნინო მირზიკაშვილის შეფასებით, ექიმები მართლები არიან, როცა პრობლემებზე ღიად საუბრობენ. მისი თქმით, DRG შესაძლოა ხარვეზები მომავალშიც ახლდეს, თუმცა ამ პროცესში მნიშვნელობა აქვს, რამდენად დროული და სწორი კომუნიკაცია იქნება სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

„ძალიან კარგია, რომ გადახდის ეს მოდელი დაინერგა, მისასალმებელია ამ მოდელის ამუშავება ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. თავისთავად ხარვეზები და პრობლემები არის და ვფიქრობ, კიდევ იქნება. არ ხდება ასე სწრაფად ამ მოდელის დანერგვა. შესაბამისად ხარვეზები ნამდვილად იქნება და მომავალშიც შეიძლება ველოდოთ გარკვეულ პრობლემებს, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მონაწილე მხარეების: კერძო პროვაიდერების, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების, რომელიც სისტემაში არიან, აქტიურ და სწორ კომუნიკაციას იმისათვის, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას.

ხარვეზები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის ორთოპედია-ტრამვატოლოგიის მიმართულებით და საუბარია ძვირადღირებულ იმპლანტებზე და ეს შეიძლება იყოს ასევე სახარჯი მასალები. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არის უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ასოციაციის მხრიდან. რა თქმა უნდა ამოსავალი როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სამინისტროსთვის არის ის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, მნიშვნელოვანია დროზე გასწორდეს და დროზე აღმოიფხვრას ხარვეზი, თუკი არგუმენტაცია არის სამართლიანი და დაფუძნებულია მტკიცებულებებზე.

ექიმები მართლები არიან, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. პრობლემა უნდა დაფიქსირდეს, რომ არსებობს და ამას უნდა მოჰყვეს შემდგომში რეაგირება, რადგან ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვა, ეს არის ის მიზანი, რომელიც აქვს სამინისტროს, ექიმს და რისთვისაც სისტემა განიცდის რეფორმირებას“,-აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.