მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექიმები პაციენტებს ე.წ 1-ლარიან მედიკამენტებს არ უწერენ"-რა ცვლილებები იგეგმება უფასო მედიკამენტების პროგრამაში?

5d9857bcc34ec
ელენე გოგბერაშვილი
05.10.19 15:10
2093
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხარვეზიანია, რადგან გარკვეული დაინტერესების გამო ექიმები პაციენტებს აღნიშნულ პროგრამაში შემავალ მედიკამენტებს არ უწერენ. შესაბამისად განიხილება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კონკრეტულ მედიკამენტებს აღარ დააფინანსებს.

„ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა არის ხარვეზიანი პროგრამა და გამოსასწორებელია. იცით, რომ იმ მედიკამნეტს არ უწერენ პაციენტებს, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი ამ პროგრამის ფარგლებში, რაღაც სხვა ინტერსების გამო და ა.შ ექიმები მალავენ ინფორმაციას, არასაკმარისად აწვდიან, მოკლედ ბევრი საკითხია...

აქ უნდა მოხდეს არა კონკრეტული მედიკამენტის სუბსიდირება, არამედ ჯგუფის მედიკამენტების და მერე იმისდა მიხედვით პაციენტს რომელი ჭირდება და ექიმი რომელს თვლის კონკრეტულად იმ ჯგუფიდან მიზანშეწონილს ამ ადამიანისთვის, მაგის მიხედვით მოხდეს ფასით სუბსიდირება“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

შეგახსენებთ, ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა 2019 წლის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარით არის დაფინანსებული. პროგრამის ფარგლებში 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პენსიონერებს და შშმ პირებს სიმბოლურ 1 ლარად შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, ე.წ უფასო მედიკამენტების პროგრამის დაფინანსება 10 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირება წამლების საკმარისი მარაგების არსებობამ განაპირობა.