მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის უკანონო გარიგებებზე კონტროლი და აღსრულება უნდა გამკაცრდეს“

618fb4a7434d6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 17:03
3001
მთავრობის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ასევე მთავრობის დაქვემდებარებაშია, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა და 10 ნოემბერს დოკუმენტი გაასაჯაროვა. კვლევის შედეგებში პრობლემურად არის შეფასებული ფარმაცევტული კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა, რის გამოც კონკურენციის სააგენტო მთავრობას ჰოლდინგური და არაპროფილური სეგმენტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს წამყვანი სააფთიაქო ქსელები, არიან ჰოლდინგური კომპანიის შემადგენლები და აღნიშნული ჰოლდინგები წარმოდგენილი არიან როგორც მედიკამენტების საცალო და საბითუმო რეალიზაციის სექტორში, ასევე ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორებშიც, ცალკეულ შემთხვევაში კი მათთან დაკავშირებულია ფარმაცევტული წარმოებაც. იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფო მსგავს ჰოლდინგებზე შემზღუდავ ნორმებს დააწესებს, ბაზრის წამყვანი მოთამაშეები, მათი ქსელები და შემადგენელი კომპანიები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგებიან.

ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა - სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რა წვლილი აქვს ჰოლდინგების სტრუქტურას მედიკემენტების ფასწარმოქმნაში და რატომ მოხვდა ეს საკითხი ფარმაცევტული ბაზრის კვლევაში - გადაცემა „ანალიტიკას“ წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის ამ შეკითხვას საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ჰოლდინგის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰოლდინგების სტრუქტურას მედიკამენტების ფასწარმოქმნაში არანაირი წვლილი არ აქვს“.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ღია კომპანიაა. ნიკოლოზ გამყრელიძე ჰოლდინგური მოწყობის საკითხში კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც მომხმარებელი ფარმაცევტულ სექტორში ექიმებსა და ფარმაცევტებს შორის უკანონო გარიგებების ნაწილში აწყდება.

„დღეს მოცემულობაა, რომ ბაზრის ყველა დიდი მოთამაშე ე.წ. ჰოლდინგური სტრუქტურით ოპერირებს, მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა - რას უშლის ხელს ეს ჰოლდინგური სტრუქტურა?! საუბარია, რომ პოტენციურად ამან შესაძლოა ექიმსა და ფარმაცევტს შორის გარიგებას შეუწყოს ხელი. როგორც ჩანს ბაზარზე მსგავსი პრაქტიკები არსებობს, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ ჰოლდინგი, რომ არ იყოს ეს გარიგებები არ მოხდებოდა? დამერწმუნეთ, რომ მოხდებოდა და ვინც ამ სფეროში მუშაობს ყველამ კარგად იცის ეს გარიგებები არა ჰოლდინგების დონეზე, არამედ მარკეტინგულ კომპანიებში ხდება. მულტინაციონალურ დიდ კომპანიებს მედიკამენტის გაყიდვისას ექიმთან გარიგებაში შესვლაზე მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული. მაგრამ საქართველოში კიდევ ეგვიპტური, ინდური, თურქული კომპანიები ოპერირებენ, რომლებსაც ამ საკითხთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ აქვთ და თუ ასეთი გარიგებები ხდება, ეს ძირითადად ამ ნაკლებად ცნობადი კომპანიების მიერ ხორციელდება, იმისთვის რომ მათი ნაკლებად ცნობადი მედიკამენტი გაყიდვადი გახადონ. ქსელებში ეს ნაკლებად ხდება“, - განმარტავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამგვარ უკანონო გარიგებებზე სახელმწიფომ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს, რომელიც მხოლოდ ფინანსური ჯარიმით არ შემოიფარგლება.

„როდესაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ფინანსური ინსენტივის გამო, ამაზე არაეთიკური, ცოტა რამ თუ არსებობს, ამიტომ ამაზე კონტროლი და აღსრულება უნდა გამკაცრდეს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ყველა მიმართულებით ოპერირებს, მომხრეა რომ მსგავს გარიგებებზე მარტივი - 500-1000-ლარიანი ჯარიმები კი არა, თუ საჭიროა სამართლებრივი დევნა უნდა იყოს, რადგან ეს კორუფციული გარიგებაა“, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.