მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექნება თუ არა ბაზარზე გავლენა სესხების არა - რეფინანსირების, არამედ სხვა ინდექსზე მიბმას? - მოსაზრება

62e2a06e643f4
ელენე გოგბერაშვილი
28.07.22 22:10
1316
საქართველოს ეროვნული ბანკმა, შესაძლოა, კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში ის მუხლები შეაცვლევინოს, რომლითაც ეს კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მის ნაცვლად კი, შესაძლოა, ცვლად განაკვეთიანი სესხები სხვა საბაზო ინდექსს მიებას. ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემა განაცხადა.

რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების სხვა ინდექსზე მიბმის შესახებ კობა გვენეტაძეს კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სებ-მა შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება, თუ რა ალტერნატივები არსებობს რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების სხვა ინდექსსა თუ განაკვეთებზე მიბმის მხრივ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ამჟამად სწორედ ამ საკითხების მოკვლევით არის დაკავებული. გვენეტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ის ალტერნატიული ინდექსიც, რომელზეც ცვლად განაკვეთიანი სესხები შეიძლება მიებას, ასევე დაკავშირებული იქნება რეფინანსირების განაკვეთთან.

"გვქონდა ამ საკითხის განხილვა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე თუ რა პრაქტიკა არის სხვა ქვეყნებში მცურავ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია და ახლა ვართ იმ პერიოდში, რომ გადავწყვიტოთ რომელ ინდექსთან მიბმა სჯობს ამ შემთხვევაში და შემდეგ დავავალდებულოთ ბანკები, რომ ამით ისარგებლონ.

ეროვნული ბანკი არაერთ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებს. თქვენც ყოფილხართ ამ თანამდებობაზე. ჩვენ ვნახეთ ეს გამოცდილება და გარკვეულ პერიოდში გადავწყვეტთ რა სახით შევთავაზოთ საზოგადოებას და ფინანსურ სექტორს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ამ ტიპის ცვლილებებში დიდ პერსპექტივას ვერ ხედავს. ოთარ ნადარაიას განმარტებით, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეული შერბილება შესაძლებელია, თუმცა ეს ნაკლებად ხელშესახები იქნება ქართველი მსესხებლებისთვის, ვინაიდან რეფინანსირების ისეთი გრძელვადიანი ინსტრუმენტი, როგორიც მაგალითად ვადიანი დეპოზიტებია, საქართველოში განვითარებული არ არის.

„არ არის ხშირი, როცა მაინცდამაინც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული სესხი, როგორც ვიცი ხშირია შემთხვევა, როცა ბანკთაშორის განაკვეთზეა მიბმული, თუმცა ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ მოკლევადიანი ბანკთაშორის განაკვეთიც რეფინანსირებასთან კავშირში უნდა იყოს.

სხვადასხვა ქვეყანაში არის უფრო გრძელვადიანი განაკვეთი (ვადიანი დეპოზიტი), რომელიც შედარებით ნაკლებად მერყევია, ვიდრე ეს განაკვეთი.

ლარში რომ წარმოვიდგინოთ, 15-20-წლიანი სესხებზე ფიქსირებული განაკვეთი შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ არის შუალედური გამოსავლები. ლარში შესაძლებელია ასეთი რამე, რომ იყოს მაგალითად, სამწლიანი ფიქსირებული და მერე მიებას განაკვეთს. დამეთანხმებით, რომ ჩვენთან გავრცელებულია ასეთი მიდგომა. შესაბამისად, გარკვეული შერბილება კლიენტებისთვის მერყეობის შეიძლება, მაგრამ ის, რომ რეფინანსირება მაღალია და ეს კლიენტებზე არ გადავიდეს... მთელი ამ ჩარჩოს იდეაც ეს არის, რომ ჩვენ გვინდა ლარი გაძვირდეს და უნდა გაძვირდეს ყველგან.

ჩვენს რეალობაში რთული იქნება ეს შერბილება საგრძნობი იყოს, ჩვენთან არ არის განვითარებული ვადიანი ბაზარი. მაგალითად, ევროპის ცენტრალურ ბანკს ჰქონდა ასეთი რამ, სადაც ბევრად განვითარებულია ფინანსური ბაზარი, მათი ძირითადი ინსტრუმენტი იყო ორკვირიანი, მაგრამ როცა ნახეს, რომ გრძელვადიანი ბაზარი სხვანაირად იქცეოდა, ძირითადი ინსტრუმენტი გახადეს ერთწლიანი. თუ რეფინანსირების ინსტრუმენტი იქნება უფრო გრძელვადიანი, აქ უკვე შესაძლებელია გარკვეული შერბილება მოხდეს. ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს. მერყეობის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ მცირედით, სხვანაირად ლოგიკას მოკლებულია ეს ყველაფერი", - აცხადებს ნადარაია.

ამჟამად საქართველოში ცვლად განაკვეთზე 190 ათასი სესხია მიბმული, ამ კრედიტების პორტფელი 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორისაა 70 ათასი კრედიტი, რომელიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ამ ტიპის სესხების მოცულობა 3 მილიარდ ლარს შეადგენს.