მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექს-პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა.. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის -ზურაბიშვილი

61951008a4f89
ინგა მურუსიძე
17.11.21 18:27
1032
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტის დაკავება გამოწვევაა სასამართლოსთვის, პენიტენციური სისტემისთვის, ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიხეილ სააკაშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვიდა, თან უკანონოდ.

„კანონის წინაშე ყველა ერთია, თუმცა ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ის განსაკუთრებული პატიმარია. ჩვენი საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება სიტუაციას. ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიმართავს ხელისუფლებას, რომ დაცული იყოს პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს პატივი უნდა ეცეს.

„იმ კადრების გავრცელება, რომლითაც შეილახა მისი ღირსება და პატივი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის,
კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ექცეოდნენ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში ან პენიტენციურ სისტემაში, თუმცა არ შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება დაემსგავსოს წინამორბედს. დაცინვა და ქილიკი მიუღებელია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ხელისუფლება და ალბათ ასეც არის.

„საზოგადოებამ ყოველდღიურად უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ ინფორმაცია. ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეუდგეს ამ მოვალეობის შესრულებას სრულად და არა ნახევრად“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ურთულესია, თუმცა ექს-პრეზიდენტი უმაღლესი სტანდარტებით უნდა სარგებლობდეს.

„ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიქტურ ჭეშმარიტებებს. რა სტანდარტებით უნდა უმკურნალონ მოშიმშილე პაციენტს. უნდა ვიცოდეთ ნუსხა, თუ რა არის საჭირო მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ და ხელისუფლების მხრიდან უნდა მოძებნოს უსაფრთხო გამოსავალი, რაც უპასუხებს საზოგადოების ვნებათაღელვას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ზოგადად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია მოითხოვს დროულ და დაფიქრებულ რეაგირებას.

ინფორმაციისთვის: უკვე 47 დღეა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.