მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზიური ინტერვიუ EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან

601d19435060d
ელენე კვანჭილაშვილი
05.02.21 14:50
1104
EBRD საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომელიც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორს გრძელვადიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ 1-2 თებერვალს საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, რის შემდეგაც ის ექსკლუზიურად BMG-ის საქართველოში მიმდინარე პროექტების და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში მათ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად EBRD-ს საშუალება ეძლევა შეაფასოს ქვეყნის საჭიროებები და საკუთარი ყურადღებაც მასზე მიაპყროს. ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ არსებულ რეალობაში ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა 2020 წლის 6.1%-იანი რეცესიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაზე მუშაობაა, ამაში კიმას EBRD-იც დაეხმარება. ამასთან, ოდილ-ბასო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კრიზისთან გამკლავების მიზნით ახალი საგარეო კრედიტები მოიზიდა.

ექსკლუზიური ინტერვიუ EBRD-ის პრეზიდენტთან


ქალბატონო ოდილ, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის და პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. ეს თქვენი პირველი ვირტუალური ვიზიტი იყო საქართველოში. როგორ ჩაიარა შეხვედრებმა ზუმში და რა გამოცდილება მიიღეთ?

საინტერესო და უნიკალური გამოცდილება იყო. პირველად ვარ საქართველოში და ისიც ვირტუალური ვიზიტით. EBRD-ის პრეზიდენტის პოსტი ნოემბერში ჩავიბარე და მას შემდეგ, მოუთმენლად ველოდი იბიარდის საოპერაციო ქვეყნებთან შეხვედრას. სამწუხაროდ, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში პერსონალური ვიზიტი საკმაოდ რთულია, ამიტომ გადაწყვიტე ვირტუალურად ვსტუმრებოდი საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მთავრობას, პრემიერმინისტრს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მაგრამ ამავდროულად შევხვდი კერძო სექტორს, ჩვენს კლიენტებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს ვიზიტი შესაძლებლობას მომცემს ძალიან კარგად გავიაზრო, რა ხდება ამ ქვეყანაში, რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი - რა არის გამოწვევები და როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს.

რა იყო თქვენი მთავარი გზავნილები ამ პირველი ვიზიტის დროს საქართველოში?

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ EBRD მხარს უჭერს საქართველოს. ვფიქრობ, მთელი ბანკი მოწადინებულია, საქართველოს დასახმარებლად ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. გვესმის, რომ სიტუაცია რთულია და ასეა დღეს ყველგან. კოვიდ-კრიზისს დიდი გავლენა ჰქონდა ეკონომიკის განვითარებაზე, ტურიზმზე, ექსპორტის შესაძლებლობებზე, ბიზნესის გაფართოებაზე და ჩვენ აქ ვართ ჩვენი მხარდაჭერით, რომ დავეხმაროთ კომპანიებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ბანკებს - შეებრძოლონ ამ გამოწვევებს და შესაბამისად, ეს კრიზისი ქვეყანამაც წარმატებით დაძლიოს.

რა უკუკავშირი მიიღეთ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობისგან, ეროვნული ბანკისგან, კერძო თუ არასამთავრობო სექტორისგან - ყველა იმ მხარისგან, ვისაც შეხვდით?

ვფიქრობ, მთავრობის შემთხვევაში, არსებობს საერთო ხედვა, თუ რა უნდა ჩაითვალოს პრიორიტეტად. ფაქტია, რომ პირველ რიგში, პრიორიტეტია ის, რომ ქვეყანამ გაუძლოს ამ შოკს და შემდეგ უკვე ეკონომიკის აღდგენისთვის ნიადაგი მოამზადოს და პანდემიის შედეგად დატოვებული შესაძლებლობები გამოიყენოს - მოიზიდოს ახალი ინვესტიციები იმ სფეროებში, რომლებიც ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ამდენად, მიმაჩნია, რომ ჩვენი და მთავრობის ხედვა ამ ნაწილში ერთმანეთს ემთხვევა - განვითარდეს კერძო სექტორი, გაგრძელდეს რეფორმები; საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ასევე, განავითაროს განახლებადი ენერგია, ინფრასტრუქტურა, გაზარდოს გარე სამყაროსთან დაკავშირების შესაძლებლობები - ყველა ამ პრიორიტეტზე ხელისუფლებასთან სრული თანხვედრა გვაქვს და იმაზეც ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში საერთო დღის წესრიგი შევქმნათ.

რადგან განახლებადი ენერგიების განვითარება ახსენეთ, დღეს ეს საკმაოდ ცხელი თემაა საქართველოს რეალობაში - დაგვიკონკრეტეთ, აქ რას გულისხმობთ, ეს მხოლოდ მზის და ქარის ენერგიაა, თუ აქვე იგულისხმება ჰესების მშენებლობაც და ჰიდრორესურსების ათვისებაც? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მაგალითად, იგივე ნენსკრას მშენებლობამ 2025 წლამდე გადაიწია. როგორ თავსდება ეს ყველაფერი იბიარდის პოლიტიკაში - განსაკუთრებით პოსტ-კოვიდ პერიოდში - "მწვანე ეკონომიკის" განვითარების თვალსაზრისით?

საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლისთვის ჩვენი დაფინანსების ნახევარს მწვანე ინვესტიციები უნდა მოიცავდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პასუხისმგებლობაცაა, რომ ხელი შევუწყოთ პარიზის შეთანხმების შესრულებას. ამდენად, მოკლე ვადაში ვფიქრობთ პრიორიტეტულია, საქართველოში განახლებად ენერგიებში ინვესტირებისთვის განვითარდეს აუქციონის პრინციპი, რასაც რამდენიმე ქვეყანაში ვნერგავთ. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ ძლიერი ჩარჩოა იმისთვის, რომ სექტორმა ძალიან მაღალი ხარისხის კერძო ინვესტორები მოიზიდოს, ყველაზე დაბალ ხარჯად და პოტენციალის ათვისებაც დაჩქარდეს. ხელს ვუწყობთ ენერგოქსელების განვითარებასაც იმისთვის, რომ ელექტროენერგიის დისტრიბუცია მოხდეს უფრო ეფექტურად. მწვანე დღის წესრიგი არ უკავშირდება მხოლოდ განახლებადი ენერგიის განვითარებას - აქ შედის ტრანსპორტი, მეტროს რეაბილიტაცია, ელექტროავტობუსები - ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა და ესეც მწვანე დღის წესრიგის ნაწილია.

რა არის დღეს მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ამ საკმაოდ რთულ და გაურკვევლობით სავსე პერიოდში?

კოვიდ-ს ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ვხედავთ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ჩვენი პროგნოზით, აღდგენას 2021 წელს დაიწყებს და ეს აღდგენა, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ სწრაფი უნდა იყოს - თუმცა, აქაც, რა თქმა უნდა, ბევრი გაურკვევლობაა: ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია პანდემიის განვითარებაზე და არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე - მნიშვნელოვანია რა სიტუაცია იქნება სხვა ქვეყნებში, სამეზობლოში და გლობალურად; ევროპაში და მის მიღმა. დღეს პირდაპირი ეფექტი და დიდი გამოწვევა საქართველოსთვის არის ის, რომ ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ვფიქრობ, ეს ხსნის საქართველოში 2020 წელს არსებულ ეკონომიკურ რეცესიას. იმისთვის, რომ აღდგენა სწრაფად მოხდეს, ვფიქრობ, საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე - კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე: დღეს კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადის საბანკო სექტორზე და ამ სექტორზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია. ფონდებთან დაკავშირებით კანონმდებლობა უკვე არსებობს და ეს კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს გზა უნდა გაგრძელდეს. მეორე პრიორიტეტი, ვფიქრობთ, უნდა იყოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება საქართველოში. ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა საქართველო უკეთ დაკავშირებული იყო გარე სამყაროსთან. განათლების რეფორმა; ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და სასამართლო სისტემის გამართვა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი რეფორმებისთვის. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოწადინებულია ყველა ამ მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას და ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას გაჯანსაღებაში, აღდგენაში ამ დიდი კრიზისის შემდეგ, რის მომსწრეებიც გავხდით 2020 წელს.

თქვენ ახსენეთ რეფორმები და იბიარდის დახმარებით საქართველოში ძალიან კარგი პლატფორმა გვაქვს - ინვესტორთა საბჭო, რომელიც სწორედ რეფორმებში ბიზნესსექტორის ჩართულობას უზრუნველყოფს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიზნესის ხმას რომ მივყვეთ, ხომ არ თვლით, რომ მოვიდა დრო, რომ ინვესტორთა საბჭოზე ფართო სტრუქტურული რეფორმების გარდა, პრაქტიკული თემებიც განიხილებოდეს - განსაკუთრებით პანდემიის და ლოქდაუნის პირობებში?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ სამუშაოს მაღალი ხარისხი, რაც ამ წლებში ინვესტორთა საბჭომ გასწია და ის ხარისხიანი კომუნიკაცია, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან შედგა. ვფიქრობ, ინვესტორთა საბჭოს წევრების ჩართულობა სხდომებში მაღალია და საბოლოოდ, მიიღება სრულიად კონკრეტული წინადადებები, რომლებიც შემდეგ რეფორმებს ედება საფუძვლად. რა თქმა უნდა, ყოველთვის სასარგებლოა, მთავრობას ესმოდეს ბიზნესის ხმა და ასევე, ყველა ჩართულმა მხარემ - მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც - კარგად ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ კომპანიებს, რადგან მხოლოდ სწორედ ამ კონკრეტული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევძლებთ სწორი პასუხების პოვნას და მათთვის შეთავაზებას. ძალიან ვამაყობ იმით, თუ რას მივაღწიეთ ამ წლის განმავლობაში. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, მაგალითად, შევძელით, სესხები ლარში გაგვეცა და ამით კომპანიები გაცვლით კურსთან დაკავშირებული რყევებისგან დაგვეცვა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ეფექტური, ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის საკონსულტაციო სერვისები გავაფართოვეთ და ამით, მათ დღეს არსებულ კრიზისში ნავიგაცია გავუმარტივეთ - როგორ შეიძლება განავითარონ ციფრული საქმიანობა, როგორ შეიძლება მოიზიდონ ახალი კლიენტები და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტული პასუხია გამოწვევებზე. იმისთვის, რომ ჩვენი კლიენტების განვითარებას შევუწყოთ ხელი, ცხადია, პირველ რიგში, მათ უნდა მოვუსმინოთ.

რამდენჯერმე ახსენეთ საქართველოს ევროკავშირთან ჰარმონიზების და დაახლოების აუცილებლობა. დღეს ბიზნესი ამბობს, რომ სწორი იქნება, თუკი ამ დაახლოებისთვის აუცილებელი რეგულაციების დანერგვაზე დროებითი მორატორიუმი გამოცხადდება. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და ბიზნესსაზოგადოებამ ამ მიმართულებით და პანდემიის პირობებში?

ეს ის საკითხია, რაც ძალიან კარგად გვესმის ევროპაშიც. ბიზნესი რეგულირების ტვირთის გამო, იქაც ხშირად წუწუნებს. მაგრამ ვფიქრობ, აქ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ძირითად სფეროებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება კომპანიებს უხსნის შესაძლებლობას საკუთარი ბიზნესები ევროპაში განავითარონ. მესმის, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივად შეიძლება ჩანდეს, შეიძლება დამატებით ინვესტირებას საჭიროებდეს და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირებისთვის გლობალურ ეკონომიკაში. ამის სარგებელი კი ის არის, რომ საქართველოს ექმნება შესაძლებლობა, უზარმაზარ ბაზარზე გავიდეს - ეს დიდი პოტენციალია მომავალი განვითარებისთვის. ამდენად, მესმის, რომ შესაძლოა, საკმაოდ რთული იყოს თავიდან, მაგრამ საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან დაახლოება ეკონომიკური ზრდის სერიოზული ძრავი შეიძლება აღმოჩნდეს.

რას გვეტყვით 2021 წელზე - ჩანს, რომ ეს წელი უფრო ადვილი იქნება?

ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან ამ პერიოდის მთავარი სიტყვა - გაურკვევლობაა. ყველა ადევნებს თვალს, თუ როგორ ვითარდება პანდემია, რა სიტუაციაა ქვეყნებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული მონიტორინგის, ტესტირების, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის ზრდის და ფართო ვაქცინაციის პირობებში, ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც თავის მხრივ ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუწყობს. ამდენად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - ყველა პროგნოზის მიხედვით, აღდგენის ეს პროცესი, მათ შორის, საქართველოშიც 2021 წლიდან დაიწყება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ აღდგენის მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველია რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პანდემია. ოპტიმისტურად განმაწყობს ის დამოკიდებულებებიც რაც კომპანიებს აქვთ, რომ გადააგორონ ეს კრიზისი და განვითარდნენ - ეს ეკონომიკისთვის ძალიან კარგი ნიშანია.

2020 წელი იბიარდის მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველოსთვის რეკორდული წელი იყო. აქ მოიაზრება პანდემიის პირობებში ჩემი ქვეყნის მხარდაჭერაც, რისთვისაც, ცხადია, მადლობას გიხდით. რა მოლოდინი აქვს საქართველოსგან იბიარდის - რა სურს იხილოს ამ მხარდაჭერის შედეგად?

გვინდა, დავინახოთ, რომ ყველა ის პროექტი რომელიც დავაფინანსეთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს. საქართველოში ასეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტების იდენტიფიცირებას და მათ დაფინანსებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამ ვიზიტის დროსაც განვიხილეთ, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტი და რა ტიპის პროექტების მხარდაჭერაში შეიძლება ჩავერთოთ - და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც ჩვენი აქტივობაც და ამ აქტივობის შედეგებიც იქნება ძალიან საგრძნობი და ხელშესახები. იცით, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტების სპექტრი ძალიან ფართოა - იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგოქსელები, პანდემიასთან ბრძოლა, ვაჭრობა - ძალიან დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი სფეროებია. დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენს კლიენტებს პანდემიის კონტექსტში სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ. მიმდინარე წელს ალბათ ნელ-ნელა შევიცვლით ფოკუსს და უფრო ინვესტიციებტევადი პროექტების დაფინანსებაზე გადავერთვებით.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაზე და თუ ელოდებით რაიმე ტიპის ცვლილებებს ამ ნაწილში?

საქართველო რეგიონში ძალიან კარგი ეკონომიკური მოთამაშეა და ის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ნდობით სარგებლობს. საქართველოს მხარდაჭერის სურვილს ყველა გამოთქვამს, რადგან საქართველო ყოველთვის მიდიოდა წინ რეფორმების გზით. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. პანდემიის კვალდაკვალ აქცენტი ეკონომიკის გამწვანებაზე, ევროკავშირთან მის მეტად დაახლოებაზე გაკეთდება. ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება ტურიზმის სექტორის აღდგენა. ჩვენი მხრიდან - მთავრობასთან და ყველა სხვა ჩართულ მხარესთან 5-წლიან სტრატეგიაზე ვიმუშავებთ, რომ განვსაზღვროთ რა უნდა იყოს ძირითადი პრიორიტეტები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა საქართველოს განვითარების გზაზე ადეკვატურად დავუჭიროთ მხარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ცნება - გენდერული თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და ამან არ შეაფერხოს საქართველოს განვითარება.

2021 წელს საკმაოდ მაღალი ვალით, შემცირებული ეკონომიკით და მაღალი დეფიციტით ვხვდებით, რაც ეკონომიკურ ინკლუზიურობას ალბათ კიდევ უფრო მეტად გაართულებს. მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ რა იქნება თქვენი რეკომენდაცია - და ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა - როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა, რომ შედარებით ღარიბი, მოდი ასე ვთქვათ, განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მაჩვენებლები მძიმე ტვირთად არ ჩამოყალიბდეს?

ვფიქრობ, მთავრობა სწორად მოიქცა, როცა დეფიციტი გაზარდა; როცა საქართველოს სიტუაციას მისივე მსგავს ქვეყნებში არსებულ სიტუაციას ვადარებთ - გლობალურად, ასე მოიქცა ყველა ქვეყანა. იმ ისტორიული შოკის პირობებში, რის წინაშეც მსოფლიოც და საქართველოც დადგა, საბიუჯეტო დახმარება გარდაუვალი რომ იქნებოდა, ეს ისედაც ცხადი იყო. სსფ როგორც წესი, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მომხრეა, თუმცა მათაც ცალსახად თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი სტრატეგია აირჩია. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, დროებითი უნდა იყოს და ისიც სწორად არის გასათვლელი, თუ როდიდან უნდა დაიწყოს მთავრობამ ამ მხარდაჭერის შეწყვეტა. დღეს რასაც ვაკვირდები, მთავრობა ცდილობს, უკვე 2021 წლიდან შეამციროს დეფიციტი და ეს მიდგომა კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, როცა ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს. ვალის დონესაც თუ შევხედავთ, საქართველოს შემთხვევაში ჯანსაღი სიტუაცია აქაც შენარჩუნებულია, თუმცა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა შემცირდეს დეფიციტიც და ვალიც იმისთვის, რომ საქართველო ზედმეტად დამოკიდებული არ აღმოჩნდეს გარე დაფინანსებაზე. ამდენად, გამოწვევა დღეს ამ დახმარებებიდან სწორად გამოსვლაა, თუმცა მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგია იყო სწორი.