მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზიური ინტერვიუ ინვესტიციების დარგში პრემიერის მრჩეველ ვაზილ ჰუდაკთან

6176b8863c1d2
გიორგი ისაკაძე, ელენე კვანჭილაშვილი
25.10.21 19:00
763

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი 2021 წლის 7 მაისიდან ინვესტიციების მოზიდვის დარგში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტზე საქმიანობს. ჰუდაკთან ექსკლუზიური ინტერვიუ Forbes Talks-ის ფორმატში შედგა. ინტერვიუში, რომელიც Forbes Georgia-ს მთავარმა და აღმასრულებელმ რედაქტორებმა გიორგი ისაკაძემ და ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერეს, საუბარი შეეხო საქართველოში მის ამჟამინდელ პოსტს და იმ გზებს, რომლითაც ქვეყანას საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა შეუძლია. ვაზილ ჰუდაკის განმარტებით, ის საქართველოში მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ამის პარალელურად, ჩეხეთის ახალი სახელმწიფო საინვესტიციო ბანკის შექმნაში მონაწილეობს, არის სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის მრჩეველი და სლოვაკეთის უმსხვილესი კომერციული ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე ბუდაპეშტის აეროპორტის დირექტორთა საბჭოს წევრი.

საქართველოში ჰუდაკის ვიზიტის ძირითადი მიზეზი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი იყო, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა.

-        ვიცით და ვაშუქებდით კიდეც, თქვენს ახალ პოზიციას, თუმცა ამასთანავე, მაინც გვჭირდება დეტალები თქვენს მანდატთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა ინვესტიციების დარგში.

-        მიხარია თქვენი ნახვა, მიხარია "ფორბსში" სტუმრობა. როდესაც EIB-ის ვიცე-პრეზიდენტობის ვადა გავიდა - ეს იყო 2019 წლის ბოლოს და უკვე დავიწყე ფიქრი ჩემს სამომავლო კარიერაზე - გადავწყვიტე, რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მრჩევლისა და საკონსულტაციო როლი  მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ის არეალია, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიცნობ და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა. ამდენად, დღეს სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული, სხვადასხვა მთავრობასთან ვმუშაობ..

-        ანუ საქართველო ერთდერთი ქვეყანა არ არის...

-        არ არის. ეს არ არის სამუშაო სრულ განაკვეთზე. მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. ეს თანამშრომლობა საქართველოსთან დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კარგად ვიცნობ და როდესაც წინა პოსტი დავტოვე, მარტში თუ აპრილში მან შემომთავაზა, რომ მისი მრჩევლების გუნდს შევერთებოდი და ჩემი აქცენტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ყოფილიყო.

ამდენად, საკმაოდ მარტივი შეთანხმებაა. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და ვკონცენტრირდები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდის ერთ-ერთი წევრი.

- შეგიძლიათ გვითხრათ, სხვა რომელ მთავრობებთან მუშაობთ, ცხადია, თუ ეს ინფორმაცია საიდუმლო არ არის და რამდენად საქართველოს მსგავსია ის მანდატი, რომლითაც ამ ქვეყნებში საქმიანობთ?

- სხვადასხვა ქვეყანაში მანდატიც სხვადასხვაა. მაგალითად, ჩეხეთში, სამთავრობო ფონდის შექმნაში ვიღებ მონაწილეობას - ეროვნული საინვესტიციო საბჭოს დირექტორთა საბჭოს წერვი ვარ. ამ ფონდის მთავარი მიზანია, კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტებში ინვესტირება. ეს იქნება ინსტიტუციური ერთეული, რომელიც ერთიანად მოუყრის თავს თანხას - ბანკებიდან, ბიუჯეტიდან და შემდგომ ამ ტიპის პროექტებში დააბანდებს. სლოვაკეთში ეროვნული ბანკის მრჩეველი ვარ და ასევე სლოვაკეთის უმსხვილესი ბანკის -  Slovak Service Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. უნგრეთში უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტს - ბუდაპეშტის აეროპორტს ვეხმარები რჩევებით და აქაც დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ. 

- სლოვაკეთი არის სწორედ ის მიზეზი, რატომაც ბატონი ჰუდაკი დღეს ჩვენი სტუმარია. ის სამთავრობო და ბიზნესდელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

- ამ ჯერზე მე ბიზნესფორუმთან ერთად ჩამოვედი, თუმცა საქართველოში თითქმის სამ კვირაში ერთხელ მაინც მიწევს ჩამოსვლა. აქ ვხვდები სხვადასხვა ინსტიტუციას, ცხადია, პრემიერმინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა მინისტრს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ყოველთვის არის იმის იდენტიფიცირება, თუ რა მთავარი გამოწვევები ახლავს თან უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში, როგორც შეგვიძლია მათი შემცირება და რა შესაძლებლობებია ასევე იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ.

- შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ სვოტ ანალიზის მიგნებები?

- ანალიზი მიმდინარე პროცესია. დღეს, ცხადია, ძალიან სპეციფიურ დროში გვიწევს მოქმედება, რადგან კოვიდმა ყველაფერი შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია, ჯერ კიდევ არის საქართველოში მისი შემთხვევები. თანაც, მხოლოდ ამას არ ეხება კოვიდი, იგივე ვიზიტორების რაოდენობასაც, რომლებიც საქართველოში მოგზაურობდნენ;  ბიზნესვიზიტების თვალსაზრისითაც შეიმჩნევა ვარდნა. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც კოვიდს უკავშირდება და მოკლევადიანი გამოწვევებია. ამის მიუხედავად, დღეს ამ ყველაფერს უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. მშპ შარშან შემცირდა, შემცირდა ინვესტიციებიც. წელს საკმაოდ საინტერესო და მაღალი ზრდა შეიმჩნევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს 8%-მდე იქნება, ზრდის მაღალი ტემპი მომავალ წელსაც ნარჩუნდება - ეს ყველაფერი საქართველოსთვის კარგი ამბავია. ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის აინტერესებთ სტაბილურობა - მთავრობის სტაბილურობა, ინსტიტუტების სტაბილურობა

- ზოგადად სიტუაციის სტაბილურობა და განჭვრეტადობა

ქვეყანაში ინვესტირების სტაბილური პროგნოზი, კანონის განჭვრეტადობა, რეგულაციების განჭვრეტადობა - რომ პოლიტიკურმა ცვლილებებმა თუ განვითარებამ თუ სხვა საკითხებმა მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონიოს ინვესტირებაზე ამ ქვეყანაში. აქვე უნდა ვახსენოთ ზოგადი გარემოც - საგადასახადო, საკანონმდებლო გარემო და ა.შ. - ეს ყველაფერი ინვესტიციების მიმართ მეგობრულია. ამდენად, ამ გადმოსახედიდან საქართველო საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. დუინგ ბიზნესის უახლეს ინდექსში საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. მართალია, დღეს ამ ინდექსთან მიმართებით კითხვები არსებობს და კრისტალინა გეორგიევ გადარჩა. ის ჩემი კარგი მეგობარია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ის უფრო დიდი სურათის ნაწილი აღმოჩნდა - ეს ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული კონკურენციაა, რომელიც ცდება დუინგ ბიზნესის თემას. დღეს ის გადარჩა, თუმცა გადარჩება თუ არა თავად ინდექსი - ეს კიდევ კითხვის ნიშანია.

- დიახ, ნამდვილად. ჯერჯერობით ,ის გაუქმებულია.

დიახ, ჯერჯერობით, ასეა, თუმცა მიმაჩნია, რომ რაღაც ტიპის საზომი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, არსებობდეს.

-        გვჭირდება. მსოფლიოს სჭირდება.

-        დიახ, ვფიქრობ, ქვეყნების კარგი შედარებაა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიდავოთ, ესა თუ ის კრიტერიუმი საჭიროა თუ არა, ანალიზი როგორ გაუმჯობესდეს და უფრო ობიექტური გახდეს, თუმცა, ინდექსის არსებობა საჭიროა, რადგან საკმაოდ კარგი სარკეა მთავრობებისთვის.

-        მე მგონი, ადვილი გამოსაცნობია, რა იქნება ჩემი შემდეგი შეკითხვა. ბატონო ჰუდაკ, მახსოვს თქვენი პირველი გამოჩენა მედიის წინაშე - მაშინ თქვენი მთავარი აქცენტი იყო, საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი დახმარების მოზიდვა ევროკავშირის ინიციატივიდან, რომელიც პოსტ-კოვიდ პერიოდში ქვეყნების გაძლიერებას ემსახურება. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა - მათ შორის, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროკავშირის უკვე დამტკიცებული სესხის მეორე ტრანშზე. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღიარა, რომ უარის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ მთავრობას ჰქონდა მოლოდინი, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლისა და სასამართლო რეფორმასთან მიმართებით ევროკავშირის მკვეთრად უარყოფითი დასკვნის შემდეგ, ევროკავშირი არ სესხს მაინც არ დაგვიმტკიცებდა და მეორე მიზეზი იყო ვალის შემცირება. თქვენ თუ გკითხათ პრემიერ-მინისტრმა რჩევა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და, ზოგადად, როგორ აფასებთ ევროკავშირთან ურთიერთობის მსგავს განვითარებას?

-        ეს შიდა საკითხია, შიდა პოლიტიკის საკითხია. ჩემი შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან და ეს ჩემი სურვილიც იყო ის, რომ შიდა პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს.

-        სურვილიც და მანდატიც ალბათ.

-        მანდატიც. ვცდილობ, პარტიებს შორის მომლაპარაკებლის როლი არ მქონდეს და არ ვარკვევ იმას, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ - ინვესტორებს ვიზიდავ საქართველოში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია. საქართველო ქვეყანაა, რომელსაც საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემო აქვს.

-        თუმცა მაინც ვიკამათებდი თქვენთან იმაზე, რომ ირიბად ეს გადაწყვეტილება თქვენს მანდატსაც ეხება, რადგან თქვენი პასუხისმგებლობაც არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში, რადგან თქვენ ამას დათანხმდით. ეს გადაწყვეტილება კი ინვესტორებმა ირიბად შესაძლოა სასამართლო რეფორმის დღის წესრიგზე უარის თქმადაც აღიქვან - რადგან ევროკავშირის სესხის მეორე ტრანში წინაპირობიანი სესხი იყო და პირობა ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას - დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, საკუთრების უფლებების დამცავ სასამართლოს ეხებოდა, რასაც საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

-        დიახ, ვახსენე რამდენიმე წუთის წინ, რომ სტაბილურობის, გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. აქ მოიაზრება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც - ამდენად, რა თქმა უნდა, ღიად ვესაუბრე პრემიერს, რომ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები იქნებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადგილობრივი სიტუაციისთვის რელევანტურად წარიმართა მთელი პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც მაგალითად გვაქვს პოლონეთის მაგალითი. სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია - ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს ბრიუსელში, ევროკომისიაში. ამდენად მსგავსი შემთხვევები ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ევროკავშირის გარეთ არამედ, ევროკავშირის შიგნითაც. ამდენად, მე არ მინდა განვსაჯო რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება იყო ეს გადაწყვეტილება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

-        მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ ამ უარს - ევროკავშირის სესხი ბევრად იაფი იყო, ვიდრე ის სესხები, რაც მთავრობამ მოგვიანებით აიღო, მათ შორის, კოვიდთან ბრძოლის მოტივითაც. მახსოვს, 2019 წლის ივლისში - მაშინ ჯერ კიდევ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი იყავით - გვითხარით, რომ ამაყობდით იმ ფაქტით, რომ საქართველო პერთ მოსახლეზე ერთ-ერთი მთავარი მიმღები იყო ევროპის ფინანსური მხარდაჭერის - ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნები გაუჩნდათ არა მხოლოდ ინვესტორებს, არამედ, დონორებსაც, რადგან ალბათ, თქვენი ვალდებულების შესასრულებლად, მათთან მჭიდრო თანამშრომლობაც გჭირდებათ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პროცესი კოორდინირებული იყოს

-        როცა საქართველოს გარედან უყურებ და მესმის, რომ შიგნით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციური საკითხია, რომელსაც დიდი განხილვები მოჰყვება, მაგრამ როცა საქართველოს გარედან უყურებ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის საკმაოდ კარგად გამოიყურება. მაგალითად, იგივე ადგილობრივი არჩევნების შედეგები, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების 47% აიღო - ევროპაში ვერ ნახავთ სამთავრობო პარტიას, რომელსაც 40%-ზე მეტი ხმა აქვს. ევროპაში პარტიების უმრავლესობა კოალიციებშია გაერთიანებული - ამ პარტიების ხმათა რაოდენობა 20-25%-ია..

-        რასაც დღეს ვაკვირდებით გერმანიის მაგალითზე.

-        დიახ, გერმანიის მაგალითზე. ჩეხეთშიც კოალიციური მთავრობებია…

-        აქ ალბათ უნდა გავიზარდოთ, თორემ 51%-ზე ნაკლების მიღება აქ გულის შეტევის ტოლფასი ხდება.

-        ამდენად, ჩემთვის - არჩევნები ყველაზე დემოკრატიული გზაა, რომ მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატოს. ამ ადგილობრივ არჩევნებზე, ჩემი აზრით, მოსახლეობამ თქვა, რომ რაღაცით კმაყოფილები ვართ, რაღაცით უკმაყოფილოები, მაგრამ ზოგადად, მოგვწონს, როგორ იმართება საქართველო და მზად ვართ მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას - მართვის კიდევ ერთი მანდატი მივცეთ. ეს არჩევნები ჩემთვის რეფერენდუმი იყო, ამდენად, მოსამართლეები დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო - რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ეს საკითხები, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად არ უნდა ვაქციოთ, რომ თითქოს ეს ერთი საკითხი ცვლის გარეთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. მოდი, გადავჭრათ ეს საკითხები, მივაღწიოთ იმას, რომ მსგავსი საკითხები აღარ გამეორდეს, მაგრამ მოდი, ნუ ვაქცევთ მათგან დრამას.

-        დრამა არავის სჭირდება, მაგრამ ეს კითხვები არსებობს და ეს არის ფაქტი. ნება მომეცით, თქვენი ყურადღება სულ ცოტა ხნით ენერგეტიკის სექტორზე შევაჩერო - ეს სექტორი ცალსახად მიმზიდველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, მაგრამ ამ სექტორში ინვესტიციების მხოლოდ დაღმავალ ტრენდს ვაკვირდებით, თანაც, ამ დაღმასვლას, სამწუხაროდ, ვერც პანდემიას დავაბრალებთ - ამ სექტორში ნამახვანის სულ ახალი ქეისი გვაქვს; 84 პროექტი შეჩერებულია - ამის მიზეზი კი სხვადასხვა ჯგუფების აქტიური წინააღმდეგობაა - რა გზავნილია ეს ინვესტორებისთვის? 12 საარბიტრაჟო დავაა მიმდინარე ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რას ამბობს აი ეს სტატისტიკა ქვეყნის ბიზნესგარემოზე? 

-        ეს, პირველ რიგში, ამბობს იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი ადგილობრივი დემოკრატიაა - ადგილობრივ ჯგუფებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი გავლენა აქვთ ამ პროექტებზე - რაც ერთი მხრივ, კარგია. ამის ცუდი მხარე ის არის, რომ ბევრი ამ პროექტის განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. ზოგადად, ენერგოსექტორის განვითარებას ამ ქვეყანაში განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგორესურსების სიუხვე, რადგან ეს სუფთა ენერგიაა - თუმცა, მეორე მხრივ, ამ ენერგიაზე დამოკიდებულება გულისხმობს სეზონურობასაც, რადგან ზამთარში წყლის ნაკლებობაა და შესაბამისად, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი უწევს. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიცირება - სხვა ტიპის განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების გზით - რომ შემცირდეს დამოკიდებულება ჰიდროზე და გაიზარდოს მზის და ქარის ენერგიის წარმოება, რაც ასევე მწვანე ენერგიაა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა სისტემური ბალანსის მიღწევა. ამიტომ განახლებად ენერგიებში ინვესტირება  ენერგიის შენახვის საკითხის გადაჭრას საჭიროებს.

-        თუმცა, რამდენად გარისკავს ინვესტორი ამ სექტორში ინვესტირებას საერთოდ - როცა ამდენი პროექტი შეფერხებულია.

-        ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში - განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში - რომელიც იქნება დივერსიფიცირებული. მიმაჩნია, რომ მომავალში ინვესტორს, რომელიც საქართველოში მზისა და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება. სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს. პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ისიც განვიხილე, რომ თუ ბატარეების შემნახველი სისტემის არსებობის პირობებში, ბატარეებზე  დიდი შიდა მოთხოვნა იქნება - ამას  საქართველოში ბატარეების წარმოებისთვის გამოვიყენებთ. დღეს ბატარეების წარმოება გლობალური ეკონომიკის ახალი სეგმენტია და ვფიქრობ, საქართველომ სწორედ ასეთი ახალი სეგმენტების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს და ამ სეგმენტებში  თავის უნიკალურ ნიშას მიაგნოს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ამდენად, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც ბატარეების ჰაბზე. ამავე თემაზე ვესაუბრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსაც, რომელიც ჩემი თანამემამულეა, რომ ერთგვარი აკადემია შევქმნათ, უნარები განვავითაროთ, ხოლო როცა ამ ინდუსტრიაში უნარებს დავაგროვებთ, შეგვიძლია უკვე ბატარეების გადამუშავებაზეც ვიფიქროთ. ცირკულარული ეკონომიკის ელემენტი შემოვიტანოთ - რაც სრულ ხაზს გულისხმობს - წარმოება, უნარები და ა.შ.

-        იმედი მაქვს, ვნახავთ ახალ კომპანიებსაც, რადგან თუ დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას შევხედავთ - შეამჩნევთ, რომ არსად ჩანს ახალი ინვესტიციები, ახალი კომპანიები - რეალური უცხოელი ინვესტორები, ვინც ფულს აბანდებს ამ ქვეყანაში და ბიზნესს აწარმოებს. ამ მიმართულებით რა წამალი გაქვთ?

-        ვფიქრობ, ახალი საინტერესო საინვესტიციო წინადადებები უნდა შევიმუშაოთ - გამოვკვეთოთ ინვესტირებისთვის მიმზიდველი სექტორები. ჩემი აზრით ენერგეტიკული ბატარეები ძალიან საინტერესო ახალი შესაძლებლობაა - ბევრი ინვესტორია, დიდი ფულია - ვიტყოდი, ზედმეტად დიდი ფულიც მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, რაც შეიძლება საქართველომაც აითვისოს. როტჩილდთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები - გვინდა, რეგიონული ჰაბის აწყობა აქ - საქართველოში. რასაც ჩვენ ვაკვირდებით ფინანსურ სექტორში - ფინტექ კომპანიები ახალ ადგილებს ეძებენ განვითარებისთვის - ვფიქრობთ, საქართველო შეძლებს, ევრაზიაში ჰაბად იქცეს და ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ფართო ხედვა გვჭირდება, რომ მსგავსი შესაძლებლობები შევამჩნიოთ.

-        ახლა გავიგეთ, რა იყო მაშინ როტშილდის ოჯახის საქართველოში ვიზიტის მიზანი, სადაც თქვენც პრემიერთან ერთად გაუწიეთ მათ მასპინძლობა ამ ქვეყანაში. კიდევ ხომ არ არის რაიმე, რაც შეიძლება გამოგვრჩა?

-        გვაქვს სამომავლო პროექტების ჩამონათვალი?

-        ვერ გეტყვით, რომ ყველა პროექტს ვიცნობ, რაც საქართველოში ხორციელდება.

-        თქვენ არაფერი გამოგიტოვებიათ, დამერწმუნეთ. ჩვენ ხომ არ გამოგვრჩა რამე - ეს იყო ჩემი შეკითხვა.

-        ენერგობატარეები - გლობალურად 3 კომპანიაა დაინტერესებული ამ მიმართულებით - ამერიკიდან, ევროპიდან და ჩინეთიდან - რომლებსაც აინტერესებთ ამ შესაძლებლობის უფრო დეტალურად განხილვა. ამდენად, ეს საქმე წინ მიიწევს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ - ფინტექ ჰაბის პროექტზე - ევროპიდან და ამერიკიდან უკვე არის ინტერესი ამ მიმართულებითაც. დღეს კონკრეტულ კომპანიებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოს - როგორც რეგიონულ ჰაბს.

-        ჩემი ბოლო შეკითხვა - როგორ ფიქრობთ, მიაღწევს საქართველოს ეკონომიკა დუღილის წერტილს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე?

-          მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ არ ვიცი, რა არის დუღილის წერტილი. არ ვიცი, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს რეალურად. ვფიქრობ, საქართველო სლოვაკეთის მსგავსი ქვეყანაა. სლოვაკეთის ეკონომიკური განვითარების მთავარი ხაზი დღეს ექსპორტია. მშპ-ს 85% ექსპორტზე მოდის. საქართველოსაც, ჩემი აზრით, მსგავსი პოტენციალი და მომავალი აქვს. ამას კი ნამდვილად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან, კომპანიებთან, ბიზნესთან ერთად ამას მივაღწევთ.