მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და განაში - "ნუტრიმაქსის" 2019 წლის შედეგები და გეგმები

5e1ca6f10c041
თამთა ჯიჯავაძე
13.01.20 23:10
2729
5000 ტონა პროდუქციის ექსპორტი სამ ქვეყანაში - ასეთია ცხოველთა და ფრინველთა საკვები პროდუქტების მწარმოებელი „ნუტრიმაქსის“ გასული წლის შედეგები. როგორც კომპანიის დირექტორმა ბექა ბექაიამ bm.ge-ს განუცხადა, გასულ წელს, მათ ექსპორტზე პროდუქტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და განაში გაიტანეს.

„საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობთ ხოლმე, 2018 წელს აბუ-დაბის გამოფენაზე ვიყავით და ბევრი კონტაქტი მოვიპოვეთ, შემდეგ ნელნელა დავიწყეთ ურთიერთობები და სწორედ ამ გზით განაშიც გავზავნეთ გასულ წელს პროდუქციის პირველი პარტია. ახლა კი უკვე მეორე პარტიას ვუშვებთ. საუბარია ერთ კონტეინერზე“, - აღნიშნა ბექა ბექაიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს კომპანია უზბეკეთშიც აპირებს ექსპორტის დაწყებას.

„ამჟამად უზბეკეთთანაც ვმუშაობთ. თვენახევრის წინ გამოფენაში მივიღეთ იქაც მონაწილეობა და ველოდებით, რომ ამ ქვეყანაშიც მალე დავიწყებთ ექსპორტს. თუმცა, ამჟამად, ძირითადად, პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში ვახდენთ. თუ გასულ წელს 5000 ტონა ექსპორტზე გავიტანეთ, საქართველოში დაახლოებით 20 000 ტონის გაყიდვა მოვახერხეთ“,- განაცხადა „ნუტრიმაქსის“ დირექტორმა.

ამასთან, მისი განცხადებით, გასული წლის გაყიდვებით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 25-26 მილიონი ლარი შეადგინა.