მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის 1 022%-იანი ზრდა - 2022 წელს პერუ TOP-საექსპორტო ქვეყნებში მოხვდა

63d11c052568e
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.23 16:18
1185
2022 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის 2.8%-იანი წილით პერუმ მეათე ადგილი დაიკავა. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველომ პერუში საქონლის რეალიზებით 154 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1 022%-ით აღემატება (2021 წლის იანვარ-დეკემბერი - 13.7 მლნ დოლარი).

აღსანიშნია, რომ საქართველოდან პერუში ექსპორტის ზრდის ტენდენცია 2022 წელს გამოიკვეთა და ქვეყანას პერუსთან ასეთი მოცულობის ექსპორტი, სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში არ ჰქონია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, ქვეყნიდან ამ მიმართულებით სულ 4 დასახელების საქონელი გავიდა. პერუში ექსპორტის უმთავრეს წილს კი აზოტოვანი სასუქები იკავებს.

საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მინერალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქები - 150.1 მლნ დოლარი, 247 500 ტონა;
2. თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 3.7 მლნ დოლარი, 1 144 ტონა;
3. მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 69 ათასი დოლარი, 126 ტონა.
4. პირადი ნივთები - 0.5 ათასი დოლარი, 0.36 ტონა.

ექსპორტირებული საქონლის მაჩვენებელს თვეების მიხედვით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ აზოტოვანი სასუქების გარდა, დანარჩენი ორი დასახელების საქონლის რეალიზება ცხიმების და ქონების შემთხვევაში მხოლოდ აპრილსა და მაისში მოხდა, ხოლო მინის ექსპორტი მიმდინარე წლის დასაწყისში - იანვარში განხორციელდა, პირადი ნივთების რეალიზება კი სექტემბერში მინიმალური იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აზოტოვანი სასუქები ქვეყნიდან პერუში თებერვალში, აპრილში, მაისში, ივლისში, სექტემბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გავიტანეთ.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქებისთვის პერუ მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო, მას კი ინდოეთი, რუმინეთი, განა, უკრაინა, სომხეთი და მოზამბიკი მოსდევდა.

უნდა ითქვას, რომ 2021 წლის პირველ 12 თვეში პერუში ექსპორტზე ფეროშენადნობები, ალუმინის პროფილები და სხვა საქონელიც გავიტანეთ.

რაც შეეხება იმპორტს, წელს ეს რიცხვი შემცირებულია და პერუდან საქართველოში სულ 603 ათას დოლარამდე ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტირებულ პროდუქტის ჩამონათვალში კი მსუბუქი ავტომობილები, გაყინული თევზი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საღებარი ნივთიერებები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები, წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული, ქოქოსის კაკალი, ბრაზილიური და კეშიუ იყო.