მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტზე ხარისხიანი ქართული ღვინო უნდა გავიდეს" - "ასკანელი"

62a74b3fda2ec
მარიამ იზორია
15.06.22 09:00
928
რომელი ბაზარია ქართული ღვინის სარეალიზაციოდ ყველაზე სასურველი? - BMG-ს ამ კითხვას ღვინისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ ღვინის ტექნოლოგი პასუხობს.

როგორც გიორგი ლებანიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, აუცილებელია ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე იყიდებოდეს. მისივე განმარტებით, ევროპაში კარგად ესმით და აფასებენ ღვინის ხარისხს, შესაბამისად, ისინი პროდუქტში უფრო მაღალ ფასს იხდიან. ამასთან, ევროპა ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის სტაბილური ბაზარია.

„აუცილებელია ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე შედიოდეს. ევროპაში ღვინის ხარისხს აფასებენ. პრიორიტეტია სტაბილური ბაზარიც, რომლითაც ევროპის ქვეყნები ნამდვილად გამოირჩევიან. იმისათვის, რომ ქართული ღვინით სასურველი ბაზრები უფრო მეტად ინტერესდებოდნენ, აუცილებელია მარკეტინგული აქტივობები, რომელიც როგორც კომპანიებმა, ასევე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ვენახებს, რადგან ექსპორტზე ხარისხიანი ღვინო უნდა გავიდეს, რათა სხვა ქვეყნის ღვინოებთან ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს.

ასკანელის ღვინო „მუზამ“ გერმანიაში საუკეთესო თეთრი ღვინის წოდება მიიღო, „პრიმა“ კი ამერიკაში წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართული ღვინო საკმაოდ მოწონებადია და უცხო ქვეყნის ბაზრებზე დიდ პატივს სცემენ - ახლა მთავარია მომხმარებელმა ქართული ღვინო გაიცნოს“, - განმარტავს „ასკანელის“ ღვინის ტექნოლოგი.

გიორგი ლებანიძე კომპანიის გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად ამბობს, „ასაკანელი“ ახალ ვენახებს გააშენებს. ამასთან, თბილისში კომპანიის ახალი საბრენდე ქარხანაც შენდება.

„კახეთში, ქართლსა და გურიაში ჯამში 500 ჰექტარ ვენახვს ვფლობთ. ახლა, ამავე რეგიონებში დამატებით 100 ჰექტარს გავაშენებთ. ვცდილობთ განსხვავებული ჯიშები დავრგოთ. ჩვენი მიზანია წარმოებაში სრულად ჩვენი ვენახებიდან მიღებულ ყურძენს ვიყენებდეთ“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: „ასკანელის“ წლიური წარმადობა 13 მლნ ბოთლია. კომპანიის ალკოჰოლური სასმელების 80% ექსპორტზე, ამერიკასა და ევროპაში იყიდება. ქვეყნებს შორის, ლიეტუა, ლატვია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი, ინგლისი, უკრაინა, ჩინეთია.