18.დეკემბერი .2019 00:00

ექთნები, მზარეულები და პროგრამისტები - რა პროფესიის მქონე კადრების დეფიციტი აქვს გერმანიას?

views 779
უკან

გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის. ქვეყანაში კვალიფიციური ექთნების, პროგრამისტების და სხვა პროფესიის ადამიანების დეფიციტია. ქვეყანამ შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსება სხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების მიზიდვით დაიწყო. ამ პროცესის გამარტივების მიზნით კი გერმანიის მთავრობამ და ბიზნესლიდერებმა ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს.

რას ითვალისწინებს გეგმა?
გეგმის მიხედვით, უნდა გამარტივდეს პროცედურები იმისათვის, რომ უცხოელებმა ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ გერმანიაში დასაქმება. კერძოდ,
დოკუმენტის მიხედვით:

• ბიზნესი უნდა დაეხმაროს უცხოელ დასაქმებულებს გერმანული ენის ტრენინგებში, საცხოვრებელი ადგილის შერჩევასა და გერმანული ბიუროკრატიის გაცნობაში.
• კომპანიები ასევე უცხოელებს შესთავაზებენ მიზნობრივ სამუშაოს.
• მთავრობა მზადაა დააჩქაროს სავიზო პროცედურები, რათა დასაქმებულებმა უფრო სწრაფად შეძლონ გერმანიაში მუშაობის დაწყება.
• ამასთან, გამარტივდება უცხოელთა კვალიფიკაციის აღიარების პროცედურები.
• მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გერმანიის მთავრობის საინფორმაციო პორტალი "Make it in Germany".

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შეთანხმების მიღწევას უდიდესი წარმატება უწოდა. მისი თქმით, ახალი გეგმით სრულიად იცვლება გერმანიაში უცხოელების დასაქმების პოლიტიკა. „მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ვინც მსოფლიოში პროფესიონალებს ეძებს, ამ სივრცეში ძალიან დიდი კონკურენციაა“, - განაცხადა მერკელმა.

ძირითადად რა პროფესიის ადამიანებზე არის მოთხოვნა?
გერმანიაში ძირითადად ელექტროინჟინრების, მეტალურგების, მექანიკოსების, მზარეულების, ექთნების, კომპიუტერული მეცნიერების და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების დეფიციტია.

მთავრობის მიერ შეთანხმებული გეგმა გერმანიის ახალი საიმიგრაციო კანონის ნაწილია, რომელიც ძალაში 1 მარტს შევა.