06.სექტემბერი .2019 00:15

ერდოღანი ევროპას საზღვრების გახსნით ემუქრება

views 659
უკან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს საზღვრების გახსნით ემუქრება. შესაბამისი განცხადება საქართველოს მეზობელი ქვეყნის პირველმა პირმა დღეს ანკარაში გააკეთა.


ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი, ქვეყანაში მიღებული ლტოლვილებისთვის საერთაშორისო დახმარებას არ მიიღებს, ის საზღვრებს გახსნის და მიგრანტებს ევროპული ქვეყნებისკენ წასვლის საშუალებას მისცემს.


"თურქეთმა სირიის საზღვართან უსაფრთხო ზონა შექმნა, სადაც დაახლოებით მილიონ სირიელ ლტოლვილს მოვათავსებთ, თუმცა ამისთვის საერთაშორისო დახმარებაა საჭირო, ან მივიღებთ ჩვენ მას ან საზღვრებს გავხსნით’’- განაცხადა ერდოღანმა.


2016 წლის შეთანხმებით, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაიდო, ანკარა ვალდებულია მიგრანტები, რომლებიც ზღვით ან ხმელეთით თურქეთის გავლით ევროპაში გადასვლას ცდილობენ, შეაკავოს. სამაგიეროდ ევროკავშირი თურქეთს მილიარდობით თანხას ურიცხავს, რაც სწორედ ლტოლვილებს უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ბოლო 8 წლის განმავლობაში სირიაში მიმდინარე ომის გამო, 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი შეიფარა.