მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი - საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება

5dde427382b17
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.19 13:35
1034
დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც სებ-მა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებულ ეტაპზე სებ-ი არ თვლის საჭიროდ შეცვალოს არსებული განაკვეთი. ამასთანავე, სებ-ი მიუთითებს, რომ კომიტეტის შეფასებით, ქვეყანაში დაკრედიტების ზრდის ტემპი მდგრად დონეს საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება. 

"2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის ოქტომბერში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.



კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართება," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

რა არის "კონტრციკლური ბუფერი"?

ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა. 

კონტრციკლური ბუფერის დაცვა ხდება ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით და განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. იგი დგინდება ყოველკვარტალურად და ცვლილების შემთხვევაში ხდება კონტრციკლური ბუფერის 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით შეცვლა. განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ. 

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორებიცაა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა.