30.აგვისტო .2019 17:21

ეროვნული ბანკი - ვადაგადაცილებული სესხები საბანკო სისტემის 1.6%-ს შეადგენს

views 834
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც როგორც მაკროეკონომიკური, ასევე საბანკო მიმართულებით თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ივლისის თვეში ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ - თვის განმავლობაში, ვადაგადაცილებული სესხები 10.7 მლნ ლარით შემცირდა და 480.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო. 

ვადაგადაცილების ასეთი დაბალი მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით, უკეთეს პოზიციაზე იმყოფება. 

სებ-ის ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების 59.6% უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, 40.4% კი ლარის სესხებზე მოდის. 

2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 664.2 მლნ ლარით გაიზარდა და 28.87 მლრდ ლარს გაუტოლდა. ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის ზრდის ტემპმა კი 26.0 პროცენტი შეადგინა. თუმცა აღნიშნულ ზრდაში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ითამაშა მნიშვნელოვანი წვლილი. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი წლიური ზრდა 13.6 პროცენტი იყო. 

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები ზრდაზე გავლენა მოახდინა გრძელვადიანი სესხების მატებამ. საკრედიტო პორტფელის 87.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 58.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.5 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 316.9 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 12.93 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 51.4 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები იყო, ხოლო 88.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად ფიზიკური პირების დაკრედიტების შემცირებით არის გამოწვეული.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა