მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2020 წელს უმუშევრობის 4 პროცენტული პუნქტით ზრდას პროგნოზირებს

5fb2858898af7
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 18:06
805
2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება - ასეთია საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზი, რომელიც სებ-მა დღეს გამოაქვეყნა. 

ამ პროგნოზის თანახმად, უმუშევრობის დონე წელს 16.3%-ს მიაღწევს და ის 2021-ში 0.5 პროცენტული პუნქტით, 2022-ში კი დამატებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება. 

საქართველოს მთავრობის შეფასებით, მიმდინარე პანდემიის დროს, დაახლოებით, 100,000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. 

BMG-მ გამოითხოვა ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია. აღნიშნული პროგრამა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ყოველთვიურ დახმარებას იღებდნენ ის პირები, ვისაც 2020 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით ჰქონდათ ხელფასები, თუმცა ამის შემდგომ შემოსავალი დაკარგეს. ეს დახმარება 6 თვის განმავლობაში გაიცემოდა, თუმცა მოქალაქეებს ის უწყდებოდათ მაშინვე, თუკი მათ ანგარიშზე 10 ლარზე მეტი მოცულობის სხვა შემოსავალი დაფიქსირდებოდა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მაის-სექტემბრის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161,905-მა ადამიანმა ისარგებლა.

თვეების მიხედვით, კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი;

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს 160 ათასამდე მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს.

მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვრად მიჩნეულია მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში $1.90-ზე ნაკლები შემოსავლის პირობებში ცხოვრობს.