მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

5fb27373d6660
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 16:54
634
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები წარადგინა, რომლის თანახმადაც სებ-ი 2021 წელს კვლავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2020 წელს კი ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება.

"საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობა განაპირობებს. საგარეო მოთხოვნა კი, კვლავ სუსტი რჩება და მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება. ტურისტული ნაკადების აღდგენა მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას თან ახლავს უმუშევრობის შემცირება, თუმცა საშუალვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკის პოტენციური ზრდის შენელება, რასაც ღრმა რეცესიით გამოწვეული საწარმოო სიმძლავრეების გაუარესება და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა განაპირობებს. გარდა ამისა, პოტენციურ ზრდას ასევე შეანელებს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები, რაც სამუშაო ძალისა და სხვა საწარმოო რესურსების პანდემიის მიმართ მოწყვლადი სექტორებიდან გადაადგილებასთანაა დაკავშირებული", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სებ-ი წელს საქართველოში უმუშევრობის 4 პროცენტული პუნქტით ზრდას პროგნოზირებს. შედეგად, უმუშევრობის დონე 16.3%-ს მიაღწევს. ეროვნული ბანკი 21 წელს უმუშევრობის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებას, 2022 წელს კი 2 პროცენტული პუნქტით შემცირებას პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში 5%-იანი რეცესია ფიქსირდება. 2021 წლისთვის მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, ზრდა უფრო მცირე - 4.3% იქნება.