მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: ბანკებში უმოქმედო სესხების წილი გაორმაგებულია

6036200fd1714
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.21 13:52
912
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და საბანკო სისტემის 8.4%-ს შეადგენს.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხები 2021 წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 10%-საც მიაღწევს. 

“მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს. ეს პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს,”- აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია ეკონომიკაზე საკრედიტო ტვირთის ზრდაზეც. მისი მიხედვით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა 80%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ზე დაბლა იყო.

“2021 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 8.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეკონომიკის აღდგენის ტენდენციებთან დაკავშირებით კი სებ-ი მაღალ გაურკვევლობაზე მიუთითებს.

“კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს,”- აცხადებს ეროვნული ბანკი.