მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი ბოლო დროს მის მიერვე გაფუჭებული საქმის გამოსწორებითაა დაკავებული"

5dfb681fd75d0
ანი ციხისთავი
19.12.19 16:12
1103
“სები ბოლო დროს საკუთარი გაფუჭებული საქმის გამოსწორებით არის დაკავებული და ეს ნამდვილად კარგი ტენდენციაა”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსმა, გია ჩქოფოიამ განაცხადა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციებს შეარბილებს, დღეს გახდა ცნობილი.

ჩქოფოიას განცხადებით, გადაწყვეტილებები, რომლებიც რეგულაციების შემოღებასა და ფულადი მასის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდებოდა, ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახა.

“ფასი, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდისთვის გადავიხადეთ, ეკონომიკური შეფერხება იყო”,- აცხადებს ჩქოფოია და განმარტავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ერთიან მოთხოვნას ამცირებს. შესაბამისად, მისი აზრით, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმზეა, მთავრობისთვის ეკონომიკური ზრდის დანაკლისის ამოვსების ერთადერთი გამოსავალი საკრედიტო სფეროს დერეგულაციაა.

ჩქოფოია ამბობს, რომ სრულიად არ ეთანხმება გვენეტაძის პოზიციას, რომ დაკრედიტების ინტენსიურმა ზრდამ წარმოშვა რეგულაციების აუცილებლობა.

“როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემაა, ეს რიცხვობრივი მონაცემებით არ შეესაბამება სინამდვილეს. 2018 წლის მონაცემებით, კერძო სექტორის ჯამური ვალდებულების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 68%-ს შეადგენდა საქართველოში, რაც ევროპაში ყველაზე “კარგი” მაჩვენებელი იყო. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-ს აღემატება, თუმცა ეს ქვეყნები ეკონომიკურ ზრდას მაინც ახერხებენ”,- აცხადებს ჩქოფოია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებს შეცვლის, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მიეცემათ უფრო დიდი სივრცე - გასცენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სესხი.