მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ციფრულ ლარზე 7 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობს - ლეჟავა

6450dda9d5358
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.23 14:07
688
საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. 2023 წლის თებერვალში დასრულდა სებ-ის მიერ გამოცხადებული მოწვევა კომპანიებისთვის, რათა მათ ეროვნულ ბანკს CBDC ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაუწიონ დახმარება.

დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ ამჟამად შერჩევა ე.წ. short list-ის ეტაპზეა და სებ-ი 7 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობს.

“ციფრულ ლარზე დავასრულეთ უკვე პარტნიორი კომპანიის შესარჩევ კონკურსში აპლიკაციების მიღება და ე.წ. შორტ ლისტი და მათგან დეტალურ შემოთავაზებებს შევისწავლით და დაახლოებით ორი თვის ვადაში შევაფასებთ. სიაში ამჟამად 7 კომპანიაა,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

კითხვაზე, რას მოუტანს ციფრული ლარის დანერგვა საქართველოს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასე პასუხობს: „თეორიულად, ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ციფრულ ლარს. სხვადასხვა ცენტრალური ბანკი სხვადასხვა მიზნით ახორციელებს ამ პროექტს, ზოგს აქვს ქვეყნის უკეთესად დაფარვის მიზანი, ზოგს "ქეშის" დისტრიბუციის მოგვარება სურს და ა.შ. ჩვენთან ეს პრობლემები არ დგას. ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ პლატფორმა, რომელიც იქნება ტექნოლოგიურად უფრო მეგობრული, იქნება ფული, რომელიც დაპროგრამდება და ამ პლატფორმას უნდა დააშენდეს სხვადასხვა დონეზე მოთამაშეები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროდან. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ შეიქმნას ტექნოლოგიური ფული, რომლის დაპროგრამებასაც შეძლებენ კომპანიები და შექმნიან ახალ ინოვაციურ პროდუქტებს“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის ინტერესის შესახებ საჯაროდ 2021 წლის აპრილში განაცხადა და ფინტექ კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის მანძილზეც გააგრძელა კომუნიკაცია ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებმაც ციფრული ლარის პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატეს. ციფრული ლარის პროექტი კვლავ განხილვის ეტაპზეა.
"2022 წელს დაზუსტდა ის ტექნოლოგიური მოთხოვნები, რასაც საპილოტე რეჟიმში ციფრული ლარის ტექნოლოგია უნდა აკმაყოფილებდეს. დაზუსტდა ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმის მახასიათებლები და დაიგეგმა საპილოტე რეჟიმის 2023 წელს გაშვება,”- ნათქვამია ციფრულ ლართან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ანგარიშში.