მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: დეკემბერში სესხების ლარიზაცია 0.48 პროცენტული პუნქტით შემცირდა

5e2ee8c897ddf
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.20 17:44
1042
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სებ-ის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 558.65 მილიონი ლარით (1.78%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.41%-ით გაიზარდა) და 2020  წლის პირველი იანვრისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.74 მლნ ლარით (2.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238.91 მლნ ლარით (1.37%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.30%-ით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.38%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.32%-ით მეტი).

2019 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 179.07 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 15.83 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62% შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.48 პროცენტული პუნქტით)", -  ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. 

შედარებისთვის, 2017 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების ჯამური მოცულობა 22.2 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 26.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, 2019 წლის დეკემბერში კი, მან 31.9 მილიარდს მიაღწია.