16.მარტი .2020 17:31

ეროვნული ბანკი ე.წ. საბანკო რეგულაციების გამარტივების შესახებ ხვალ განაცხადებს

views 938
უკან

ეროვნული ბანკი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ განაცხადებს. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

უფრო დეტალურად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

ეროვნულ ბანკს რეგულაციის გამარტივების შესახებ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ელექტრონული/ონლაინ პლატფორმების/არხების საშუალებით მიაწოდოს.

ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ხვალ, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ შეკითხვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ პირდაპირი ეთერი 17 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება".