მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გზამკვლევს აქვეყნებს

5fed939ec5df9
BM.GE
31.12.20 13:20
928
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ფინანსური აღრიცხვის ახალ სტანდარტზე (ფასს) გადასვლასთან დაკავშირებით სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ მხარეებს სებ-ის მიერ ახალ ფასს-ზე გადასვლის მიმართულებით შემუშავებული მიდგომები გააცნოს.

"დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა ფასს-ზე გადასვლისას უნდა გაითვალისწინონ. დოკუმენტის პრინციპებზე დაყრდნობით, კომერციულ ბანკებს, არსებულ მოთხოვნებთან ერთად, სხვადასხვა საზედამხედველო მაჩვენებლების გამოთვლის და ფასს-ზე დაფუძნებული მიდგომებით წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

კაპიტალის ადეკვატურობის ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოსათვლელად მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებების ასახვა კაპიტალის მოთხოვნებსა და გამოთვლის წესებში, რათა ფასს-ზე გადასვლამ, სხვა თანაბარ პირობებში, გავლენა არ მოახდინოს საზედამხედველო მაჩვენებლების მიმართ მიდგომებზე. ამგვარად, კაპიტალის მოთხოვნების მიმართ ნეიტრალური მიდგომის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკის გზამკვლევი შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები ფასს-ზე დაფუძნებული რიცხვებით გამოთვლის გამო გაზრდილია, კაპიტალის მოთხოვნები იზრდება

აღსანიშნავია, რომ ფასს-ზე გადასვლის პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს ფინანსური აქტივების დარეზერვების მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართულობითა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, "ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის" სამუშაო ვერსია შეიმუშავა. აღნიშნული წესი ფასს 9-ს ეფუძნება და გარკვეულ საკითხებზე აკონკრეტებს მიდგომას, რომლითაც კომერციულმა ბანკებმა საზედამხედველო ანგარიშგებაში ფასს 9-ის გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ. წესის დანერგვა ხელს შეუწყოს კომერციული ბანკების ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი ზარალების გამოთვლის მიდგომების შესადარისობასა და ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებას. დოკუმენტი საკონსულტაციოდ გაეგზავნათ კომერციულ ბანკებსა და აუდიტორულ ფირმებს. ამასთან, სხვა დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებისა და შენიშვნების მიღების მიზნით, დოკუმენტი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.