მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა

621f759123e28
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 17:57
1122
“საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის მიხედვით, საბანკო სისტემას აქვს სათანადო მოცულობის კაპიტალის ბუფერები, რომელთაც მოსალოდნელი შოკის შთანთქმა შეუძლიათ.

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა და რუსეთის მიმართ შესაბამისად დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა გაურკვევლობა რეგიონის მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა. როგორც დეკემბერში გამოქვეყნებულ სტრეს-ტესტის შედეგებში იყო ნაჩვენები, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს.

მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება და კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა. მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადწყვეტილებაში.

ამჟამად საქართველოს საბანკო სექტორში სულ 14 კომერციული ბანკი საქმიანობს, რომელთა აქტივების მოცულობაც 60.2 მილიარდი ლარია. ბანკებს ეკონომიკაზე სულ 42.1 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, საიდანაც კრედიტების ლარიზაცია 50%-მდეა.

დეპოზიტების მოცულობა კი 37.5 მილიარდი ლარია.

საბანკო ასოციაციის თანახმად, უმოქმედო სესხების წილი ამჟამად მთლიანი საკრედიტო პორტფელის 5.3%-ია.