მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სანქციებთან შესაბამისობას ამოწმებს

62b1b349939fb
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.22 16:14
2230
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სანქციებთან შესაბამისობას ამოწმებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის მიერ თამარ დეპუტატ თამარ კორძაიასთვის გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა.

სადეპუტატო კითხვის პასუხად, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ისინი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის გათვალისწინებით, მთელ საფინანსო სისტემას მკაცრ ზედამხედველობას უწევენ - ამაში შედის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო რეგულირება, მათ შორის ფულადი გზავნილების სისტემებიც.

2022 წლის მაისში საქართველომ უპერეცედენტო მასშტაბის - 506 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, მათ შორის 304 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსეთის ფედერაციიდან, რაც წინა წელთან შედარებით 880%-ით მეტია.

რას აკეთებს ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმის კონტროლისთვის:

"გიზიარებთ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების კონტროლის პროცედურებისა და პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ადგილზე ინსპექტირებების პროცესის აღწერას და ამ კუთხით მათი შეფასების მეთოდოლოგიას.

ადგილზე ინსპექტირების დროს, ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, პირველ ეტაპზე ხორციელდება საფინანსო სექტორის წარმომადგენელთან დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესწავლა სანქციადაკისრებული პირების გამოვლენის მიმართულებით. ეს ხორციელდება სანქციადაკისრებული პირების მონაწილეობით გარიგებების/ოპერაციების განხორციელების სიმულირებით. ტესტირებას ექვემდებარება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და მათ მფლობელობით და მართველობით სტრუქტურაში შემავალი სუბიექტები (ბენეფიციარები, დირექტორები და წარმომადგენლები, სტრუქტურაში შემავალი იურიდიული პირები). შერჩევითი მეთოდის გამოყენებით სიმულირება ხორციელდება როგორც პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების (მაგ: ანგარიშის გახსნა) ასევე სხვადასხვა ტიპის (კონვერტაცია, საერთაშორისო გადარიცხვა, ფულადი გზავნილი და სხვ.) ტრანზაქციის განხორციელების პროცესში. ყოველივე ზემოხსენებულის შედეგად ფასდება ორგანიზაციაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის უნარი დროულად გამოავლინოს, დაბლოკოს და შესაბამისი შეტყობინება დააფიქსიროს სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით შესრულებული გარიგების შესახებ. პროცესის ეფექტიანობის შეფასებისას ყურადღება ასევე მახვილდება ორგანიზაციის მიერ მონაცემების პროგრამულად დამუშავების შემდგომ ღონისძიებებზე. კერძოდ, ხორციელდება ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის (პოლიტიკა/პროცედურები, ბრძანებები) შესწავლა, რათა დადგინდეს ორგანიზაციის თანამშრომლის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები პროგრამულად გამოვლენილი მონაცემების დამუშავებასა და შემდგომი რეაგირების (დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ოპერაციის დაბლოკვა, ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემა და სხვ.) კუთხით.

სანქციადაკისრებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული რისკების მიტიგაციის მიზნით ხორციელდება ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოკორესპონდენტო ფინანსური ინსტიტუტების შესწავლა, რაც გულისხმობს როგორც მათ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ პირთა სიებში, ასევე საკორესპონდენტო ანგარიშებზე ოპერაციების შერჩევითად შესწავლას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოკორესპონდენტო ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაციის შესწავლის მიზნით, ასევე ანალიზდება სხვადასხვა კომერციულ ბაზაში და საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაცია.

განსაკუთრებული ყურადღება ასევე ეთმობა სანქციების ძალაში შესვლის პერიოდიდან ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველ პირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში არიან რეგისტრირებული, კერძოდ: სხვადასხვა რისკის შემცველი ფაქტორების გათვალისწინებით ხდება ორგანიზაციის კლიენტების შერჩევა და მათი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის, საქმიანობის სფეროს და, საჭიროების შემთხვევაში, ფულადი სახსრებისა და ქონების წარმომავლობის შესწავლა. სანქციადაკისრებულ პირებთან ურთიერთობის რისკების თავიდან არიდების მიზნით, შესწავლას ასევე ექვემდებარება რთული მფლობელობითი სტრუქტურის მქონე იურიდიული პირების სტრუქტურულ ჯაჭვში შემავალი ყველა რგოლი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ორგანიზაციების შესწავლას, რომლებიც მფლობელობითი ან მაკონტროლებელი სტრუქტურით ოფშორულ ან მაღალი რისკის იურისდიქციებთან არის დაკავშირებული.

კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების/გარიგებების შესწავლის პროცესში ფასდება, თუ რამდენად შეესაბამება ორგანიზაციაში არსებული დოკუმენტაციის ხარისხი და მოცულობა პირთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში მოპოვებულ ინფორმაციას, კერძოდ. შესწავლას ექვემდებარება კლიენტის საქმიანობის სფეროს ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ტრანზაქციების დანიშნულებისა და მიზნობრიობის ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა. აღნიშნული პროცესის შესაფასებლად, შერჩევითი მეთოდით ხდება ორგანიზაციის კლიენტთა მიერ როგორც მათ კონტრაჰენტებთან, ასევე სხვა ტიპის დადებული გარიგებების/შესრულებული ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის (დადებული ხელშეკრულებები, ინვოისები, საბაჟო და საგადასახადო დეკლარაციები და სხვ.) ანალიზი. ამით უნდა მოხდეს იმაში დარწმუნება, რომ კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ორგანიზაციის ცოდნას საკუთარი კლიენტის შესახებ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ტიპოლოგიების თანახმად, ტრანზაქციების გეოგრაფიულ არეალთან ასოცირებულ რისკ-ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს; შემოწმების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება როგორც ოფშორულ, ასევე სხვა ტიპის მაღალი რისკის მატარებელ გეოგრაფიულ ზონებში განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული და ლიცენზირებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირებისათვის, შესწავლას ასევე ექვემდებარება სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებით განხორციელებული ტრანზაქციები, რაც გულისხმობს აღნიშნულ ტრანზაქციებში მონაწილე მხარეების, ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსისა და დანიშნულების ამსახველი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შერჩევითი მეთოდით შესწავლას. შემოწმებისას ასევე ფასდება ორგანიზაციის უნარი, გამოავლინოს თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციები, მათ შორის ისეთი ტიპის ტრანზაქციები, როდესაც შუამავალი პირის მეშვეობით ხორციელდება რამდენიმე პირისაგან თანხების მიღება და რამდენიმე პირისათვის აღნიშნული თანხების გადაცემა.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები, რათა ფინანსური ინსტიტუტი არ დადგეს საერთაშორისო სანქციებისა და რეპუტაციული რისკის წინაშე. შესაბამისად, შემოწმებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციებში ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შესწავლას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კანონმდებლობით მოთხოვნილ შემთხვევებში ნაღდი ფულის წარმომავლობის წყაროს დადგენას, ოპერაციების კლიენტის პირად თუ კომერციულ საქმიანობასთან და მოცულობასთან შესაბამისობას და მათი მიზნობრიობის შესწავლას.

აღსანიშნავია, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია ადგილზე შემოწმების მეთოდიკური სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაზღვრავს ადგილზე ინსპექტირების პროცედურებს. აღნიშნული სახელმძღვანელოები წარმოადგენს შიდა მოხმარების დოკუმენტებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელმა ადგილზე ინსპექტირების დროს.

ასევე მოგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსზე 2022 წლის სანქციების დაკისრების შემდგომ, სებ-მა უკვე განახორციელა ოცდათოთხმეტი ფინანსური ინსტიტუტის ადგილზე ინსპექტირება, ხოლო ოცდაერთი ფინანსური ინსტიტუტის შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს.

სებ-ის მიერ ასევე შემუშავდა ინფორმაციის გამოთხოვის სპეციალური ფორმები საბანკო სექტორისთვის, რომლის მიზანია მიღებულ იქნას ინფორმაცია საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ კონკრეტულ იურისდიქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ და საჭიროებისამებრ დაიგეგმოს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. კერძოდ, აღნიშნული ფორმების საშუალებით ხორციელდება შემდეგი ინფორმაციის მიღება და ანალიზი:

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთზე და ბელორუსზე დაწესებული სანქციების შესაბამისად შეჩერებული გარიგებების /დაბლოკილი პირების შესახებ ინფორმაციის მიღება და ანალიზი. საუბარია ისეთ პირებზე/გარიგებებზე, რომელთაც მომსახურება შეუჩერდათ, ან უარი ეთქვათ ანგარიშის გახსნაზე / ოპერაციების წარმოებაზე კონკრეტულ ბანკში;

ცალკე ფორმით ხდება ინფორმაციის გამოთხოვა, სადაც დეტალურადაა ჩაშლილი იმ პირების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების მოცულობა, რომელთა ანგარიშიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაიხსნა. ასევე ხდება ახალი კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის ანალიზი მთლიან ჯამურ ბრუნვასთან მიმართებაში, კონკრეტული პერიოდების მიხედვით;

ცალკე ფორმით ხორციელდება ანგარიშის არმქონე პირებზე ინფორმაციის მოწოდება, რომელიც ფიზიკური პირების მიერ სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების საშუალებით ქვეყანაში ჩარიცხული და ქვეყნიდან გადარიცხული გარიგებების მოცულობის და ზრდის ტრენდის გაანალიზების საშუალებას იძლევა, როგორც რეზიდენტობის, ასევე გეოგრაფიული არეალის მიხედვით;

ცალკე ფორმით ხორციელდება ინფორმაციის მოთხოვნა გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ - რომელ ქვეყანაში რა მოცულობის/რაოდენობის გადარიცხვები ხორციელდება SWIFT სისტემის საშუალებით. მოწოდებული ინფორმაციით ანალიზდება ზრდის/შემცირების ტრენდი კონკრეტულ ქვეყნებში/ქვეყნებიდან განხორციელებული ოპერაციების მიხედვით, კონკრეტული პერიოდების შესაბამისად, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე;

ფორმებით ასევე ხორციელდება იურიდიული პირების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ: პირები, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და სადამფუძნებლო სტრუქტურაში ფიგურირებს კონკრეტული ქვეყნების რეზიდენტი პირები, ასევე პირები, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებშია რეგისტრირებული - აღრიცხულია ცალ-ცალკე. აღრიცხულია მათ მიერ განხორციელებული ჩარიცხვის/გადარიცხვის ოპერაციები თვეების მიხედვით, ჩაშლილად, რაც ასევე გვაწვდის ინფორმაციას სანქციების დაწესების შემდგომი პერიოდის ტრენდის ანალიზისთვის.

ანგარიშგებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შეფასება მიმდინარეობს როგორც ცალკეული კომერციული ბანკის ჭრილში, ასევე ხორციელდება ბანკების შედარებითი ანალიზი, იმ მიზნით, რომ დადგინდეს კონკრეტული ბანკის წილი/მოცულობა ჯამში საქართველოში/საქართველოდან განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში, როგორც SWIFT სისტემით ჩარიცხვა/გადარიცხვის ოპერაციებში, ასევე ანგარიშის მქონე/არმქონე პირების მიხედვით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის განხორციელების შედეგად იგეგმება შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს დაევალათ თავიანთი პოლიტიკის/პროცედურების დოკუმენტების (რისკის აპეტიტი/ორგანიზაციული რისკის შეფასება) 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისად განახლება.

დამატებით ასევე გაცნობებთ, რომ კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული ინფორმაცია ან/და ამ ფინანსური ინსტიტუტის ადგილზე ინსპექტირების შედეგები კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხში.