მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს - განცხადება

5efc6c2fd4790
ინგა მურუსიძე
01.07.20 15:40
783
2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამტკიცებული კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობას.

როგორც bm.ge-ის სებ-დან აცნობეს, განისაზღვრა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომელთა ერთი ნაწილი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, ხოლო მეორე ნაწილი 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.

„კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, აღნიშნული მორატორიუმი არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.

შესაბამისად, მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო:

„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესი", რომლით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ბანკები შეიმუშავებენ გაჯანსაღების გეგმებს, რომელთა მიზანი ეფექტური და ქმედითი გაჯანსაღების ზომების წინასწარ განსაზღვრის გზით, ფინანსური სტრესისთვის ბანკის ადეკვატური მზაობის უზრუნველყოფაა;
„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესი", რომლის საფუძველზე ბანკებმა, გაჯანსაღების გეგმების შემუშავების ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ ბანკის იმ ფუნქციების იდენტიფიცირება, რომელთა შეუფერხებელი განხორციელება მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის, ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ან/და ბანკის მომსახურების მიმღები პირებისთვის;

„რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი", რომელიც განსაზღვრავს რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, ასევე, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოცემული წესის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ცალკე დოკუმენტის სახით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების სახელმძღვანელო", რომელიც რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების დამოუკიდებელი შემფასებლისთვისაა განკუთვნილი.

"დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი", რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, დროებითი ბანკის ლიცენზირებასთან, მართვასა და ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს.

„რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი", რომელიც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას განსაზღვრავს რეზოლუციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

"საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნისა და საქმიანობის წესი", რომელიც ეროვნული ბანკში შექმნილ რეზოლუციის კომიტეტის უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას განსაზღვრავს. თავის მხრივ, კომიტეტის მიზანი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებით რეზოლუციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობაა.

"ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულება", რომელიც ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობას განსაზღვრავს. აღნიშნული კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შედიან. კომიტეტის ძირითადი ამოცანა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებაა.

"დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას დარჩენილ სამართლებრივ აქტებზე. შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება", - განმარტავენ სებ-ში.