მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას 2020 წლის მარტიდან პროგნოზირებს

5db0273e3b51c
თელარა გელანტია
23.10.19 14:10
1082
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზშია ნათქვამი, რომლის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა.

ცნობისთვის: სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

„მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა“, - აცხადებენ სებ-ში.