მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: შოკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას შეძლებს

5e79f5f7a2e74
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.20 15:58
3443
"საქართველოს საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს,"- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დღეს სებ-მა მორიგი სავალუტო ინტერვენციის განხორციელება დაანონსა. ხვალ, 25 მარტს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდება. 

"კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლარი სწრაფი ტემპით გაუფასურდა, ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირს. ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი, ევროსი კი 3.4578 ლარია.