მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს

5d931b93438f2
შოთა ტყეშელაშვილი
01.10.19 13:23
3187
საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა. გვენეტაძის თქმით, ეს ბანკებს $700 მილიონის რესურსს გამოუთვალისუფლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებას მოხმარდება. 

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ, ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ორი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გავაკმაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5%-ით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი. ამავე დროს, განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. იმიასთვის რომ ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე წნეხის შემცირებას ინფლაციაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. ამავე დროს, დროთა განმავლობაში შემცირდება წნეხი ინფლაციაზე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს კითხვა - ხომ არ ნიშნავს ეს ლარიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს?

ეს არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ლარიზაციის პოლიტიკა არაერთხელ მითქვამს, რომ არის გრძელვადიანი პოლიტიკა მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ იმაზე რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დამატებით 700 მილიონი დოლარის სისტემაში მობილიზება შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გაიცეს სესხები. რაც შეეხება 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემას, მოგეხსენებათ რომ 200,000 ლარამდე სესხების გაცემა არის დაშვებული მხოლოდ ლარში, ანუ ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ლარიზაციის. შესაძლებელია დროებით ეს პროცესი შენელდეს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის მიმართულებით,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ, გუშინ BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს კომერციული ბანკებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, რადგანაც მათ სესხების გასაცემად ახალი რესურსი გამოუჩდნებოდათ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.