მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ფუნქციებს აუდიტის ზედამხედველობა ემატება - გვენეტაძის განცხადება

5ece82cd695c1
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 19:20
1237
საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყანაში აუდიტის ზედამხედველობის ფუნქცია ემატება. შესაბამის ცვლილებას მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალსწინებს. მისი დამტკიცების შემდეგ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური სებ-ის ქოლგის ქვეშ მოექცევა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაგეგმილ ცვლილებებასთან დაკავშირებით ისაუბრა.  

"კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში არის წარდგენილი, მოხდება ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია და აუდიტის სამსახურის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა. ვფირქობ, რომ ეს გადაცემა უზრუნველყოფს რეგულირების ეფექტიანობის ზრდას და სებ-ის სხვა ფუნქციებთან სინერგიას.

თუ მოხდება ეს ცვლილებები, ის ერთიანი მიდგომა, ასევე მოხდება ხარჯების ოპტიმიზირებაც.

ჩვენთვის საინტერესო იყო საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრიორიტეტი არის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ამ ქვეყნების რიგებში ნამდვილად არის საქართველოც, ამ ქვეყნებში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობა ხშირ შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოსთან არის დაკავშირებული. ეს არის დიდი ბრიტანეთი, ეს არის დუბაი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, სინგაპური და სამხრეთ კორეა. შესაბამისად, ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ვფიქრობ, რომ თუ მიიღო პარლამენტმა ეს ცვლილება, ამ სექტორის წარმომადგენლებს [აუდიტორებს] არ ექნებათ მიზეზი, რის გამოც, მათ უნდა ჰქონდეთ რაიმე წუხილი, ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ქვეყანაში აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების ზედამხედველი ორგანოა. მის რეესტრში 2020 წლის მაისის მდგომარეობით, სულ 262 აუდიტორული კომპანია არის რეგისტრირებული.

სამსახურის დაქვემდებარებაში არის აუდიტორული ანგარიშგებების პორტალი reportal.ge, რომელზეც ყოველწლიურად ანგარიშვალდებული კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროება ხდება. 2019 წელს reportal.ge-ზე პირველი კატეგორიის 105 კომპანიის, მეორე კატეგორიის 404 კომპანიის, მესამე კატეგორიის 3004 კომპანიის და 99 სდპ-ს აუდიტორული და ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროვება მოხდა. სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ანგარიშგების წარდგენის მაჩვენებელმა 90% შეადგინა.