20.ნოემბერი .2019 19:41

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძის და რომან კაკულიას კრიტიკას პასუხობს

views 703
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ–ს მონეტარული პოლიტიკა უფრო ადრე რომ გაემკაცრებინა, დღეს მას უკვე იმის შესახებ მოუწევდა განმარტებები, რატომ მიიღო ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელზე ნეგატიურად მოქმედი გადაწყვეტილება.

ასე უპასუხა გვენეტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რომან კაკულიასა და ირაკლი კოვზანაძის მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა. კოვზანაძემ დღეს განაცხადა, რომ სებ–ი რეალობაშია დასაბრუნებელი, კაკულიამ კი აღნიშნა, რომ გვენეტაძე მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ე.წ გაიდლაინებით ხელმძღვანელობას და ამ პროცესში ქართულ რეალობას და საჭიროებებს არ ითვალისწინებს.

"ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრულია. როდესაც რთულ და არაორდინალურ სიტუაციაში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს. როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლად დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რაც იმ დროისთვის არის ხელმისაწვდომი, როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ასევე – ანალიზზე, რომელიც ამ ინფორმაციის საშუალებით ტარდება. ყველა ინფორმაცია, რომელიც იმ დროისთვის იყო არსებული, არ მოასწავებდა იმას, რომ შესაძლებელია ინფლაციის აქსელერაცია მომხდარიყო, აქედან გამომდინარე, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება ადრე გამკაცრების შესახებ, შემდეგ ამას შეიძლება მოყოლოდა ეკონომიკური ზრდის შემცირება და ახლა უკვე ამაზე იქნებოდა კომენტარი, რომ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად საფუძველიანია და დამყარებულია ანალიზზე. ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებები დროზე მივიღეთ და უნდა აღინიშნოს, რომ მათი მიღება აუცილებელი გახდა ეგზოგენური, ე.წ არამონეტარული ფაქტორებისაგან. რაც შეეხება გაიდლაინებით ხელმძღვანელობას, მოდით არ დავივიწყოთ, რომ გაიდლაინები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუყურებთ, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები, გარდა ამისა, ვაანალიზებთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ განვითარებას ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ.

დღესდღეობით ისეა, რომ ფინანსური სტაბილურობა ჩვეულებრივ მოცემულობად განიხილება, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ფინანსური სტაბილურობისთვის, იმ კარგი მაჩვენებლისთვის, რომელიც ფინანსურ სექტორში გვაქვს, ეროვნულ ბანკს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ძალიან ბევრი ანალიზი კეთდება იმისთვის, რომ ეს სიტუაცია გვქონდეს და სექტორი იყოს მიმზიდველი", – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც გვენეტაძემ დღეს პარლამენტში, 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა, დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%–ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა