მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საბჭო 4 წევრის გარეშეა - როდის წარადგენს პრეზიდენტი კანდიდატებს?

5f155debecd35
ინგა მურუსიძე
21.07.20 10:15
1014
უკვე წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო 2 წევრის გარეშეა. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს - ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურა; საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა. მოგვიანებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანდიდატები მოიწონა, მაგრამ ვიდრე ხიშტოვანს და მიროტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც მოუსმენდა და მოიწონებდა, გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა. რაც შეეხება გიორგი ხიშტოვანს, პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჩანს, თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს საბჭოს წევრობის სიმცირე პრობლემას არ უქმნის ან ცდილობს, ზომიერი იყოს შეფასებაში. „დღესდღეობით, ეროვნული ბანკის საბჭოში არის 5 წევრი და ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები სებ-ის კანონის და უფლებამოსილებების მიხედვით“, -  აცხადებდა მთავარი ბანკირი წლის დასაწყისში.

როდის წარადგენს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, მართავს თუ არა ვინმესთან ამ საკითხზე კონსულტაციებს ან რა ფორმით შეარჩევს მათ -  ამ და სხვა კითხვებით bm.ge-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა:

“საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად განაგრძობს კანდიდატურების შერჩევას კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვადასხვა თანამდებობაზე განწესების მიზნით. მაგალითად, მიმდინარე კვირაში დასრულდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება იმ პირთა განცხადებების მიღება, რომელთაც სურვილი აქვთ, არჩეულ იქნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე. კონკურსი ან გასაუბრება არ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი გონივრულ ვადებში დაასახელებს კანდიდატურებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რითაც სებ-ის საბჭოს წევრების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს სულ 4 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.