მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა 9 წევრამდე იზრდება - კანონპროექტი

5ecb77ba21658
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 11:45
1727
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 2 წევრით, 9 წევრამდე გაზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი კვლავინდებურად სებ-ის პრეზიდენტი იქნება, ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა კი სამი იქნება. ამასთან, იცვლება მინიმალური ოდენობა, რა შემთხვევაშიც საბჭო უფლებამოსილად ჩაითვლება და ის არსებული 4 წევრის ნაცვლად 5 წევრით განისაზღვრება. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიღების მიზანს კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესება წარმოადგენს. 

"ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 9 წევრამდე გაზრდა განპირობებულია, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა კენტი რაოდენობის შენარჩუნების, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო კორპორაციული მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობას არააღმასრულებელი წევრები შეადგენდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 წევრზე ნაკლები იქნება, 3 ვიცე- პრეზიდენტის არსებობის პირობებში, საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრები.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად, განისაზღვრება 5-ით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი - 2021 წლის 1 იანვარამდე, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია. 

საბჭოს წევრები არიან:

  • კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
  • არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
  • პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
  • რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
  • ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია, თუმცა პარლამენტმა ვაკანტურ პოზიციებზე ახალი წევრები ამ დრომდე ვერ დაამტკიცა.