22.აპრილი .2021 13:13

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს
views 4424
უკან

„ლარის კურსის ვარდნის ძირითადი ფაქტორი შეფერხებული ტურიზმია“ - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ "საქმის კურსის" შეკითხვას, რას უკავშირდება ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება.

პაპუნა ლეჟავას თქმით, 2020 წელს ტურიზმიდან დაკარგული შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.

„ლარის კურსის ვარდნა ძირითადად შეფერხებული ტურიზმით არის გამოწვეული, ამ სექტორსიგან საქართველომ მხოლოდ 2020 წელს 3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა, აღსანიშნავია, ასევე 2019 წელს რუსეთის მხრიდან ფრენების შეზღუდვა, ამას ემატება ჩვენს მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსის ვარდნაზე“ - აღნიშნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენმა კომენტარი გააკეთა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის კურსის მართვის გეგმის შექმნას გულისხმობს.

„ჩვენთვის მისასალმებელია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, რაც შეეხება, ლარის კონკრეტული კურსის ტარგეტირებას, ეს ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, არც მომავალში ვგეგმავთ ამის განსაზღვრას, ლარის კურსის მერყეობის შემცირება კარგია, ჩვენც გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები და მსგავსი ტიპის განხილვებში სიამოვნებით ჩავერთვებით“ - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4521 ლარი გახდა, რაც 2021 წლის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულებაა. დღეს, 13:00 საათისთვის Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარი 3.4550 ლარად ივაჭრება.