16.სექტემბერი .2020 12:06

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

views 335
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8% შეადგენს.

ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, რომელსაც bm.ge უცვლელდ გთავაზობთ:

"ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი - მეტწილად საგარეო - მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს. აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც. აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა ივლისში წლიურად 5.5 პროცენტით შემცირდა. თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება გრძელდება, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება. საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში წლიურად 96 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. ექსპორტზე მოთხოვნა აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა, თუმცა, წინა თვეებთან შედარებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. საექსპორტო შემოსავლების კლების პარალელურად, იმპორტიც წლიურად 19 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა