მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

5d93381f49895
BM.GE
01.10.19 15:26
782
საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში - საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები - საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და სხვა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილე პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ნახეს დოკუმენტური რგოლი, სადაც წარმოდგენილი იყო სებ-ის შენობის გახსნის და 1919 წლის პერიოდის ამსახველი უნიკალური ისტორიული კადრები.

იუბილეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა წიგნი "საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1919-1921". აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი, სებ-ის ყვარლის ფულის მუზეუმის თანამშრომელი, როლანდ სპანდერაშვილია. როლანდი პროფესიით ისტორიკოსი და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. წიგნები საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

"საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლისაა! ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. სებ-ის საქმიანობა, არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დადებითადაა შეფასებული. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო ზედამხედველობის შედეგია ისიც, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს.

მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ბანკის თანამშრომლებს - მადლობა ერთგულებისა და ეროვნული ბანკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა საზოგადოებას 5₾ ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა წარუდგინა, რომელიც საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია და შეძენა უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო და შენობის სტილიზებული გამოსახულება, რომელშიც დღესდღეობით განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკი. ასევე, დატანილია წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი" და "5 ₾". მონეტა გაფორმებულია სვაროვსკის კრისტალით.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს შენობა, რომელშიც 1919 წელს დაფუძნდა და ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი). მონეტაზე დატანილია წარწერები: "5 ლარი", "საქართველო", "1919 . 2019" , "Georgia".



მონეტის ტექნიკური მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
ზომა: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2019
მოჭრის რაოდენობა: 1500
მონეტის დიზაინის ავტორი: ნიტა გონგაძე
ზარაფხანა: ლიეტუვას ზარაფხანა