მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე დატოვა

5e71d88d7f94b
BM.GE
18.03.20 12:11
863
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთის, უცვლელად, 9%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან გვენეტაძე აღნიშნავს, რომ თუ ლარის გაცვლით კურსზე მოხდება მნიშვნელოვანი დაწოლა, ამ შემთხვევაში კურსის გაუფასურების მიერ გამოწვეული ინფლაციის შესაჩერებლად, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.

“იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია.

იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დინამიკას ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება,”- აღნიშნავს კობა გვენეტაძე.