მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შეამციროს

5e7230044a459
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 18:34
1022
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის მიერ წარმოშობილი ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, საბანკო სექტორისთვის შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შეამციროს. 

ამის შესახებ თიბისი ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, კომერციულ ბანკებსა და სებ-ს შორის კორონავირუსის თაობაზე გამართულ შეხვედრებზე ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის მხარდამჭერი არაერთი ინიციატივა წარადგინა, რომელთა მიღებაც შეიძლება მოხდეს.

ამ ინციატივებს შორისაა ნაბიჯები ლარის ბაზრის ლიკვიდობის განმტკიცებისთვის და ინიციატივა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან კი კერძო სექტორის დაკრედიტების მხარდასაჭერად, ეს მოთხოვნა კვლავ 25%-მდე შემცირდა. 

ამჟამად სწორედ 25%-იანი სარეზერვო მოთხოვნა არის მოქმედი. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შეიძლება ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო მოთხოვნის შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. 

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება.

სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად უცხოურ ვალუტაში განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.