მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში ხორბალი კიდევ 10 დოლარით გაძვირდა - "ბარაქა"

616422160ce20
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 20:27
759
რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას დაწესებულმა საბაჟო გადასახადებმა ივლისის შემდეგ ხორბლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც საქართველოში პურის ფქვილის და საბოლოოდ კი პურის გაძვირება გამოიწვია. დღეს პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ერთ ტომარა ფქვილს 73-75 ლარად ყიდულობენ, შესაბამისად პური 10-20 თეთრით გაძვირდა.

BM.GE-სთან საუბრისას ხორბლის გადამამუშავებელი წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორბლის ფასი დაახლოებით 10 დოლარით არის გაზრდილი. ერთი ტონა რუსული ხორბლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 320 დოლარია, ხოლო ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბალი 330 დოლარი ღირს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ყაზახეთიდან დაკონტრაქტებული გვაქვს ხორბლის იმპორტი და დაახლოებით 7 000 ტონის შემოტანა იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული და ყაზახური ხორბლის ღირებულება 10 დოლარითაა განსხვავებული, გადავწყვიტეთ გარკვეული პროცენტით ჩავანაცვლოთ რუსული ხორბალი. საწყის ეტაპზე საუბარია 30%-იან წილზე, შემდეგ კი შევხედავთ როგორი იქნება ფასთა სხვაობა. ჩვენთვის 10 დოლარით ძვირის გადახდა ყაზახურ ხორბალში მცირე თანხა არ არის, მაგრამ ალტერნატიული ბაზრის არსებობა მნიშვნელოვანია“, - განმარტა ლადო ბიძინაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ღირებულება 70-73 ლარია, რაც ერთი თვის პერიოდის ღირებულებას 3-4 ლარით აღემატება.

აღსანიშნია, რომ ხორბლის იმპორტიორები და მწარმოებლები სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათების დაწესებას თითქმის ერთი თვეა ელიან, რაც მათ და ფქვილის იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. „ბარაქას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ კუთხით სიახლეები არ აქვთ და როდის მიიღებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებების ხელშესაწყობად გადაწყვეტილებას, არ იციან.

„ჩვენ გვინდა, რომ ფქვილის იმპორტი და ადგილზე წარმოება თანაბარ პირობებში იყოს, თუმცა რა კუთხით შეიძლება შეიქმნას ეს ბალანსი, ჯერ ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს“, - განმარტა ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის: გასულ თვეში ფქვილის და პურის მწარმოებელთა ასოციაციების ხელმძღვანელები, ოქტომბრიდან პირველადი მოხმარების პროდუქტის შესაძლო გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, ივლისის შემდეგ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც რუსეთის ბაზარზე ხორბლის შეძენა გააძვირა, ფქვილის იმპორტზე კი არანაირი გადასახადი არაა დადგენილი, რაც რუსეთში მოქმედ ადგილობრივ გადამამუშავებლებს წარმოებისა და საექსპორტო მოცულობების ზრდაში უწყობს ხელს. ამას ადასტურებს საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ფქვილის საიმპორტო მონაცემებიც. აქედან გამომდინარე ფქვილის და პურის ადგილობრივი მწარმოებლები, გაძვირებული ხორბლისა და იაფად შემოტანილი ფქვილის ხარჯზე არამხოლოდ პურის გაძვირების, არამედ ადგილობრივი წარმოებების დახურვის საფრთხეზეც საუბრობდნენ. შესაბამისად, დღეს ისინი ხორბლისა და ფქვილის იმპორტისას ბიზნეს სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები საქმის კურსში არიან. შედეგად ამ უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა უწყებათშორისმა კომისია ხორბლის ექსპორტიორებისა და გადამამუშავებლებისთვის გარკვეული შეღავათების შემუშავებაზე მსჯელობს.