მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთად ჩავდგეთ რიონის ხეობაში“ - ვარლამ გოლეთიანი თბილისს ხვალ დატოვებს

60ad045a55749
თელარა გელანტია
25.05.21 18:07
1387
ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია განახლდა. როგორც აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს გზის სავალ ნაწილს ფილარმონიასთან გადაკეტავენ.

რაც შეეხება 26 მაისის გეგმას, როგორც აქტივისტი ამბობს, ხვალ, 16:00 საათზე თბილისელებს ისევ რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ, შემდეგ კი რიონის ხეობაში წავლენ.

ამასთან, რიონის ხეობის მცველმა თავისი გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩაშლას არ აპირებენ.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ თბილისის მოსახლეობას და ზოგადად, ამ ბრძოლაში ჩართულ მოქალაქეებს და ამის შემდეგ დავიძრათ რიონის ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მივიდეთ იქ (ხეობაში) და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ საშუალება, ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ შევუქმნათ დისკომფორტი თანამოქალაქეებს, მათ კი იქ ხეობის ნგრევა გააგრძელონ.

პროცესი ყველასთვის ნათელია და იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც დღეს გამოვლინდა, არავის რჩება იმის თქმის სივრცე, რომ ის, რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება, არის კანონიერი და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ამის თქმის მორალური უფლება ხელისუფლებამ ბოლომდე ამოწურა. ამიტომ ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, ყველა ერთად ჩავდგეთ რიონის ხეობაში და კომპანია „ენკას“ არ მივცეთ რიონის ლანდშაფტის ნგრევის უფლება, რათა გვაგრძნობინოს ის, რომ ჩვენი უფლება და ხალხის ნება უგულებელყოფილია და თუ მას მოუნდება, სპეცრაზმი დაიცავს და ისე ააშენებენ ჰესს; ის ამას ვერ შეძლებს და ხვალიდან ამ პროცესს რიონის ხეობაში უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.