მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი დოლარის ღირებულება 3.26 ლარი, ევროს ღირებულება კი 3.82 ლარი გახდა

5f6b4801ea89f
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.20 17:00
996
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 1.04 თეთრით გაუფასურდა და 3.2641 ლარი შეადგინა. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, შედეგად ევროს ღირებულება 3.8226 ლარი გახდა. 

დღესვე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ლარი მის წონასწორულ კურსზე უფრო მეტად არის გაუფასურებული. 

"ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის.

ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება.

ზემოხსენებული და მსგავსი სულისკვეთების განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს. ამიტომ, სასურველია გავიაზროთ, რომ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ"-წერს გვენეტაძე.