24.სექტემბერი .2020 17:03

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარი გახდა

views 412
უკან

24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2897 ლარი გახდა, რაც უკანასკნელი თვეების პიკურ გაუფასურებას წარმოადგენს.

ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8292 ლარი გახდა. 

ჯამურად, მიმდინარე თვეში ლარი დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა. 

გუშინ ეროვნულმა ბანკმა რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, და $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 1.04 თეთრით გაუფასურდა.

გუშინვე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ლარი მის წონასწორულ კურსზე უფრო მეტად არის გაუფასურებული. 

"ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს არასწორია. მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის.

ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა. ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება.

ზემოხსენებული და მსგავსი სულისკვეთების განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს. ამიტომ, სასურველია გავიაზროთ, რომ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ"-წერს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა