მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი რეგულაციის ისტორია

5dd0f6627b051
დავით კლდიაშვილი
17.11.19 20:10
3230
საყოველთაო ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად „განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რეგულაცია სამშენებლო სექტორისათვის არის, ვინაიდან თანხებიდან და განვადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე გავლენას ახდენს ამ სექტორის საქმიანობაზე. თავის მხრივ სამშენებლო სექტორი ქართული ეკონომიკის გამოშვების მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი შემცირება ან გაზრდა მყისიერ გავლენას ახდენს საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

თითქოს კანონის ჩანაწერში ყველაფერი ნათელია, მაგრამ ახლა იწყება მთავარი. ქართული კანონმდებლობის მთავარი „ხიბლი“ ზუსტად ის არის რომ, არა თუ სხვადასხვა კანონი არ არის ერთმანეთთან შესაბამისობაში, არამედ ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა მუხლები.

ზემოთაღნიშნული რეგულაციის პარალელურად, სამოქალაქო კოდექსი განმარტავს თუ რა არის „განვადება“ - „განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.“

თუ ამ ორ მუხლს შევადარებთ [თან ერთი მუხლი N 505 ია , ხოლო მეორე იქვეა 505 პრიმა] ისმის კითხვები:

  • „განვადებად“ ჩაითვლება ნებისმიერი ხელშეკრულება კომპანიას და კლიენტს შორის რომელიც ითვალისწინებს პერიოდულ გადახდებს, თუ მხოლოდ ის ხელშეკრულება, რომლის თანახმად პერიოდული გადახდები ხდება უძრავი ნივთის მყიდველის საკუთრებაში ან მფლობელობაში გადაცემის შემდეგ [იხ. კანონის დანაწესი: განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე].
  • რამდენი გადახდა შეიძლება ჩაითვლება „პერიოდულ გადახდად“ ? თუ მაგალითად ნასყიდობის ფასის ერთ ნაწილს მყიდველი იხდის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ ნაწილს უშუალოდ ნივთის გადაცემისას, ჩაითვლება თუ არა ეს როგორც „პერიოდული გადახდა“?

P.S. კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, სერიოზული ჯარიმები არის გათვალისწინებული.

ეს კითხვა ბევრ დეველოპერს აწუხებს, როდის შეიძლება დაჯარიმდეს და როდის არა და განმარტებისათვის მიმართავენ იურისტებს, რომლებიც მხრებს იჩეჩავენ და განმარტებისთვის ისევე ფინანსთა სამინისტროს მიმართავენ

რატომ ფინანსთა სამინისტროს? ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ფაქტებს, დაირღვა თუ არა განვადების შესახებ მოთხოვნა.

ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც შეიძლება ამ ნორმის [გავიხსენოთ რომ გაუგებარი ნორმის] საფუძველზე შეუძლია დაგაჯარიმოს, გპასუხობს რომ „ნორმის განმარტება მისი ფუნქცია არ არის“.

ამ პასუხის მერე წარმოიდგინეთ დეველოპერი, ტრავოლტას გიფის მსგავსად, გაურკვევლობაშია, გეგმავს რამდენიმემილიონიანი პროექტის დაწყებას, მაგრამ ვერავინ პასუხობს როდის და რა შემთხვევაში შეიძლება დაჯარიმდეს.

ეს ყველაფერი არ არის, ამ დროს ერთვება საჯარო რეესტრი, რომელსაც არავითარი ვალდებულება არა აქვს რომ ეს რეგულაცია აკონტროლოს, მაგრამ ახარვეზებს ხელშეკრულებას თუ თვლის რომ ამ ხელშეკრულებებში დარღვეულია განვადების წესი.

- Tom, Where is our Economic Growth, Tom! Tom!
- No answer