მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთი უცხოელი სტუდენტი ხარჯავს იმდენს, რამდენსაც 30 ტურისტი”

60327692c1d73
თათია ჩაფიჩაძე
21.02.21 19:23
1197
თითქმის 1 წელია საქართველოში უმაღლესი განათლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც უცხოელი სტუდენტების ნაწილმა სწავლება დისტანციურ რეჟიმში საკუთარი ქვეყნებიდან გააგრძელა, ნაწილმა კი – აკადემიური წელი აიღო.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია აცხადებს, რომ სტუდნეტების შემცირება ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანის მომტანია, ვინაიდან საშუალოდ ერთი სტუდენტის წლიური ხარჯი 30 დამსვენებელი ტურისტის ხარჯს უტოლდება. მისივე თქმით, ქვეყანაში ამდროისთვის არსებული უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავალი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელს უტოლდება, ამიტომ აუცილებელია, ქვეყანამ ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

„უცხოელი სტუდენტების მიერ საქართველოში, ქართულ უნივერსიტეტებში შემოსვლა ეს არის საქართველოდან ექსპორტი. ბევრს ჰგონია რომ ეს იმპორტია, სინამდვილეში ეს ასე არ არის, ჩვენ არ ვყიდულობთ უცხოელ სტუდენტებს, ისინი ჩამოდიან და აქ ყიდულობენ ჩვენს მომსახურებებს. საგანმანათლებლო მომსახურება რომ მიიღონ უცხოელმა სტუდენტებმა, ამისთვის აუცილებელია ჩამოვიდნენ, ეს არის მაგალითი, როგორ უნდა შემოედინებოდეს უცხოური ვალუტა ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ლარის გაძლიერებას.

რომ შევადაროთ სხვა მომსახურებებიდან და ამ შემთხვევაში დამსვენებელი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავლებს, ვნახავთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წლის განმავლობაში ერთი ტურისტი საშუალოდ ხარჯავს 300 დოლარს, მაშინ როდესაც არსებობს განათლების სამინისტროს კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ერთი უცხოელი სტუდენტი წელიწადში 10 ათასს დოლარს ხარჯავს, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ერთი უცხოელი სტუდენტი ხარჯავს იმდენს, რამდენსაც 30 დამსვენებელი ტურისტი.

დღეს სტუდნეტების რაოდენობა რაც გვყავს დაახლოებით უტოლდება მთელი ღვინის ექსპორტს, მიდის საუბარი ღვინის ექსპორტის ზრდაზე და არ მიდის მუშაობა იმაზე, რომ საგანმანათლებლო ტურიზმი განვავითაროთ უფრო მეტად, არადა ეს ძალიან დიდ შემოსავალს იძლევა. მათი რაოდენობის შემცირება ძალიან ბევრ ბიზნესს დაარტყამს, ისინი მხოლოდ უნივერიტეტებში არ იხდიან თანხას, ბინებს ქირაობენ და სწევენ ყველა იმ ხარჯს, რაც აქ ცხოვრებისთვის არის საჭირო“ - აცხადებს თოფურია.