მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი წელია, თვითგადარჩენაზე ვმუშაობთ, საჭიროა ახალ პრემიერთან შეხვედრა - ლევან ყარალაშვილი

609be799789f8
ინგა მურუსიძე
12.05.21 21:43
675
ერთი წელია, თვითგადარჩენაზე ვმუშაობთ, საჭიროა ახალ პრემიერთან შეხვედრა, რომ კითხვები დავსვათ, - ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

"რამდენიმე ანტიკრიზისული გეგმა დამუშავდა ჯერ კიდევ შარშან, რომელიც კონკრეტულ დარგებს შეეხებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დარგი იყო სასტუმრო-რესტორნები, რომლებიც გათავისუფლდნენ ქონების გადასახადისგან და მთელი რიგი სხვა შეღავათები ჰქონდათ. ჩვენი დარგი ასევე ძალიან დაზარალდა, ხუთი თვე დაკეტილები ვიყავით. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გვქონდა მოთხოვნა ქონების გადასახადის ნაწილში ჩვენთვის შეღავათის დაწესების, უბრალოდ არ არის სწორი, რომ ობიექტი, რომელიც ხუთი თვე დაკეტილია, იმავე გადასახადს იხდიდეს და იმავე ტვირთს ატარებდეს", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში სექტორმა თხოვნა იმდროინდელ პრემიერ გიორგი გახარიასთან გააჟღერა, რომელმაც სექტორის თხოვნა გაიზიარა და ფინანსთა მინისტრს საკითხის მოგვარება დაავალა, თუმცა არაფერი შეცვლილა, ხოლო ყველა, ვისაც მაშინ ბიზნესი ელაპარაკებოდა, გადადგა.

"ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამუშაო ადგილების დროულად აღსადგენად, წელს ქონების გადასახადისგან გავთავისუფლდეთ, რათა ლიკვიდურობა მივმართოთ ბიზნესის ნორმალურად აღდგენისკენ. ჩვენს სექტორში, მოლებში დასაქმებულია 17 ათასამდე ადამიანი, მათი ნაწილი სამუშაო ადგილებს უკვე დაუბრუნდა", - განაცხადა ყარალაშვილმა და დასძინა, რომ აუცილებელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.

"სავაჭრო ცენტრები აგენერირებენ 3-მილიარდიან ბრუნვას, ახლა ეს შემცირებულია. უკვე ერთ წელზე მეტია, თვითგადარჩენაზე ვმუშაობთ. ეს ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილებს, მოგვიწევს ხარჯების შეკვეცა და საბოლოო ჯამში, ეს პირდაპირ აისახება ბიზნესის მიერ გენერირებულ თანხაზე, რაც ბიუჯეტისთვის საგადასახადო შემოსავლის ნაწილია. გაიზრდება წნეხი ბანკებზე, რადგან კრედიტები გვაქვს და თუ ვერ გადავიხადეთ, გადავადება უნდა ვითხოვოთ. ჯაჭვური კავშირია", - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.