მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, 20 აბიტურიენტს covid-19 დაუდასტურდა

60dd5e707e8b7
ინგა მურუსიძე
01.07.21 10:29
568
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მისული სტუდენტებიდან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ისინი გამოცდიდან არ მოიხსნებიან და გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტებს გამოცდებზე ჯდომა პირბადით მოუწევთ. მიმართვა გაავრცელა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა:

„დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.

კორონავირუსის პანდემიამ მართლაც მკვეთრად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, კარდინალურ ცვლილებებთან ადაპტაცია დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მონდომება და გამძლეობა. თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებით.

მთელი გულით გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევთ თავს გამოცდებს და თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, აქტიური და შესაძლებლობებით სავსე პერიოდი დაიწყება. შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, დაეუფლებით სასურველ პროფესიას. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში!

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება“, - ნათქვამია ჩხენკელის მიმართვაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.