25.ივლისი .2020 15:15

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის დაიწყება შედეგების გამოქვეყნება

views 425
უკან

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. 

შეფასების და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge  და www.online.naec.ge

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა:

აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები - 12 000 – მდე.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 22 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება.